ამერიკის სახელმწიფო მდივანი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ვილნიუსში დაესწრო. ამერიკელმა დიპლომატმა თავისი შეშფოთება დააფიქსირა ეუთოს რეგიონში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.
ბელარუსში, უფლებადამცველები იდევნებიან. პოლიტიკური აქტივისტი ალეს ბიალიათსკის ოთნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს გადასახადების თავიდან აცილების ბრალდებით. ბელარუსის ხელისუფლების მთავარი პრობლემა, კი რეალურად მისი ბრძოლა იყო უფლებების დაცვისთვის. ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატები, ანდრეი სანიკაუ და მიკალაი სტატკევიჩი დღესაც ციხეში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის შემდეგ ერთი წელი გავიდა.
უკრაინაში, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრება ასევე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების პოლიტიკური მოტივების შესახებ, თქვა კლინტონმა. ამერიკა ამას გარდა შეშფოთებულია უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის მიერ წარსული ადმინისტრაციის წევრებისა და ოპოზიციის ლიდერების დევნის გამო. პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები დემოკრატიასა და დემოკრატიულ ფასეულობებს უთხრის ძირს. პოლიტიკური მოტივები ამასთან, თვითცენზურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და სამოქალაქო ინსტიტუტების ჩართულობის საშუალებას თრგუნავს.
რუსეთში, დუმას ბოლო არჩევნები სამართლიან და მიუკერძოებელ პირობებში არ ჩატარებულა. დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ისეთი როგორიც არის პარნასი, საარჩევნოდ ვერ დარეგისტრირდნენ. რუს ხალხს კი სრული უფლება აქვს იცოდეს საარჩევნო მანიპულაციისა და გაყალბების შესახებ. ამიტომაც, ამერიკა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და გაიზიაროს ის რეკომენდაციები, რომლებიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ შეიმუშავა.
ადამიანის უფლებების დაცვა უნდა მოხდეს ინტერნეტშიც. შეკრების, გამოხატვის, გაერთიანებების და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები სოციალურ ქსელებსაც მიემართება-განაცხადა ჰილარი კლინტონმა, და დასძინა, რომ ფეისბუკსა და ტვიტერში საუბარი გამოხატვის ანალოგიური თავისუფლებით სარგებლობს. ამიტომაც, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მოუწოდებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ხელი მოაწერონ ციფრული საუკუნის ფუნდამენტური თავისუფლებების დეკლარაციას.
და ბოლოს, ეუთოს ქვეყნებმა არასდროს უნდა დაკარგონ ამ ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების ერთგულება. ეს არის ადამიანის უფლებების პატივისცემა და უსაფრთხოება რაც ნებისმიერი ქვეყნის პროგრესისა და კეთილდღეობის საწინდარია.