ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატების ჰილარი კლინტონის და დონალდ ტრამპის ძალისხმევა ახლა ჩრდილოეთ კაროლინის და ფლორიდის შტატებისკენაა მიმართული. ამ შტატების შედეგები მნიშვნელოვანია ორივე კანდიდატის საარჩევნო შტაბისთვის.
დონალდ ტრამპს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე დღეს ოთხი შეხვედრა აქვს დანიშნული, ჰილარი კლინტონს კი ორი. კანდიდატების პარალელურად ამომრჩევლებთან შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც, ის დღეს ფლორიდის შტატში ჩადის.
ფლორიდის და ჩრდილოეთ კაროლინის შტატები მნიშვნელოვანი მათი საარჩევნო ხმების წილის გამოა. საარჩევნო კოლეგიაში ჩრდილოეთ კაროლინის 15 და ფლორიდის 29 წარმომადგენელია.
ფლორიდა და ჩრდილოეთ კაროლინა ეგრეთწოდებული მერყევი შტატებია. ჩრდილოეთ კაროლინელებმა 2008 წელს მხარი ობამას დაუჭირეს, 2012-ში რესპუბლიკელ მით რომნის. რაც შეეხება ფლორიდას, 2000 და 2004 წლების არჩევნებზე იქ რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა გაიმარჯვა, 2008 და 2012 წლის არჩევნებზე კი დემოკრატმა ბარაკ ობამამ.