ბილ კლინტონის ახალი ინიციატივა

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ‘კლინტონის გლობალური ინიციატივის’ შეხვედრა გახსნა. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს იმ პოლიტიკური, ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს აერთიანებს, რომლებსაც ღარიბი ერების ცხოვრების დონის გაუმჯობესება სურთ. ინიციატივის შეხვედრა ხუთშაბათამდე გაგრძელდება. დღის განრიგი ისეთ თემებს მოცავს, რომელებიც მსოფლიო მასშტაბით მივიწყებულია და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.

გლობალური ინიციატივის პირველ შეხვედრას მსოფლიო ქვეყნების 67 ყოფილი ლიდერი, დაახლოებით 600 ბიზნესმენი და 500 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაესწრო. შეხვედრების დანიშნულება ღარიბი ქვეყნების დახმარება, გარემოს დაცვის საკითხები, ქალთა უფლებების დაცვა და ჯანდაცვისა და განათლების სფეროების გაუმჯობესება იყო. ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ მხოლოდ ინიციატივის მონაწილეების ძალისხმევა საკმარისი არ არის სირთულეებისთვის თავის გასართმევად.

„ეჭვი არ არის იმის თაობაზე, რომ თქვენ ყველანი უაღრესად ნიჭირი ხალხი ხართ. მაგრამ მეორეს მხრივ, შეუძლებელია ამ ოთახში დღეს ყველა ის ადამიანი იყოს, რომელსაც ამ თემებზე მუშაობა სურს. ჩვენ მუდამ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩვენს ძალისხმევაში უშუალოდ დასახმარებელი ქვეყნებიდან,“ თქვა ბატონმა კლინტონმა.

ბატონი კლინტონის თქმით, ინიციატივა მხარს დაუჭერს ყველა ადამიანს, რომელსაც მსოფლიო პრობლემების დასაძლევად იდეები ექნება. ამ პრობლემებში კი შეიძლება შედიოდეს ქალთა უფლებების შეზღუდვა, ადამიანებით ტრეფიკინგი და ახალგაზრდების დასაქმება.

მსოფლიოში მილიონობით ადამიანს სუფთა დასალევ წყალზე ხელი არ მიუწვდება. ამის გამო, მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში დაახლოებით 4000 ბავშვი კვდება ყოველ დღე. ინიციატივის ერთ-ერთმა მონაწილემ, რობერტ მაკდონალდმა, რომელიც კომპანია „პროქტორ ენდ გემბლის“ პრეზიდენტია აღნიშნა, რომ ამ პრობლემის თავიდან აცილება წყლის გასაფილტრი 10-ცენტიანი პაკეტებით შეიძლება.

„ჩვენ ეს პროგრამა უკვე 6 წელია გვაქვს. მას ბავშვების უსაფრთხო სასმელი წყალი ჰქვია. ერთი ლიტრი წყლის გასაფილტრად სპეციალური ფხვნილია საჭირო, რომლის ერთი პაკეტიც 10 ცენტი ღირს,“აღნიშნა ბატონმა მაკდონალდმა.

მისივე თქმით, „პროქტორ ანდ გემბლმა“ მიზნად დაისახა ერთ საათში ერთი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, რასაც ის წყლის გასაფილტრი პაკეტების დისტრიბუციის გაზრდით აპრირებს. ყოველწლიურად „პროქტერ ენდ გემბლი“ ორ მილიარდ ადამიანს მიაწოდებს წყლის გასაფილტრ ფხვნილს.

ბატონმა ბილ კლინტონმა დახმარების გამოყოფისკენ მოუწოდა როგორც დიდ კომპანიებს ასევე ინდივიდუალურ პირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს ხალხისთვის დახმარების ისეთ ადგილებში აღმოჩენას, სადაც ცოტა ხნის წინ ბუნებრივი ან სხვა სახის კატასტროფა მოხდა, მაგალითად ჰაიტიში, პაკისტანსა და მექსიკის ყურეში.

„კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, საკმარისი მიზეზი გვაქვს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მსოფლიოში ეკონომიკურად გამანადგურებელი ბუნებრივი კატასტროფები საგრძნობლად მოიმატებს,“ განაცხადა ბატონმა კლინტონმა.

ხუთშაბათს, ინიციატივას პრეზიდენტი ბარაკ ობამაც მიმართავს და მონაწილეებს ამერიკის პირველ ლედის, მიშელ ობამას წარუდგენს, რომელიც ინიციატივის პლენარულ სესიას დახურავს.