თეთრი სახლის მიერ ორგანიზებული კლიმატის ვირტუალური გლობალური სამიტი გრძელდება. სამიტის ფარგლებში ამერიკა ცდილობს დაადასტუროს ერთგულება კლიმატის შეთანხმების ვალდებულებებისადმი, რომელიც ამერიკამ ხუთი წლის წინ აიღო, მოგვიანებით კი პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ შეთანხმება დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკა შეთანხმებაში დააბრუნა.
თეთრი სახლის ინიციატივით, სამიტის მეორე დღეს, პარასკევს, მსოფლიო ლიდერებს სიტყვით ცნობილმა მეწარმეებმა, მილიარდერმა ბიზნესმენებმა, აღმასრულებელმა დირექტორებმა და პროფკავშირების თავმჯდომარეებმა მიმართეს და კლიმატისთვის ნაკლებსაზიანო ბიზნეს საქმიანობაზე და ამ მიმართულებით გარდაქმნებზე ისაუბრეს.
სიტყვით გამოვიდნენ ბილ გეითსი და მაიკ ბლუმბერგი, ფოლადისა და ელექტროობის მიმართულებით პროფესიული კავშირების ლიდერებმა, აღმასრულებელმა დირექტორებმა მზისა და სხვა, განახლებადი ენერგიების კუთხით მომუშავე კომპანიებიდან. მათი თქმით, ახალ ტექნოლოგიებში, ენერგოეფექტურ წარმოებაში, ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ხანგრძლივ პერსპექტივაში მეტ კეთილდღეობას შექმნის.
მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები კი, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ორი დღის განმავლობაში საკუთარ საქმიანობაზე, ინვესტიციებზე და კლიმატის დამაზიანებელ საწვავზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაზე საუბრობდნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ასობით მეცნიერი ისრაელის სტარტაპებში იმისთვის მუშაობს, რომ მზის, ქარისა და სხვა განახლებადი წყაროების ენერგიის უკეთ შენახვა მოხერხდეს. დანიის პრემიერმა პირობა დადო, რომ ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვებას შეწყვეტს და ქარის ენერგიას მეტად გამოიყენებს. კენიის პრეზიდენტმა კი ქვანახშირზე, ნავთსა და ხე-ტყეზე ძლიერ დამოკიდებული ეკონომიკის გეოთერმული და ქარის ენერგიით ჩანაცვლებაზე ისაუბრა.
მაიკლ ბლუმბერგის თქმით კი კლიმატის ცვლილებას ინვესტიციების ისტორიული რაოდენობის გარეშე ვერაფრით დაუპირისპირდებიან.