რუსთავის ციხესთან, სადაც დაკავებული მესამე პრეზიდენტია მოთავსებული, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ზვიად კუპრავა.
კუპრავამ ციხის კედელზე წარწერის: „თავისუფლება მიშას“ გაკეთება სცადა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათი განმარტებით, კუპრავა გააფრთხილეს, რომ ციხის კედელზე წარწერის გაკეთება არ შეიძლებოდა და მიუხედავად ამისა, ის მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი მერვე დღეა შიმშილობს. ადვოკატის ინფორმაციით, მან 12 კგ დაიკლო. როგორც ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
„ვიზუალურადაც რომ შეხედავთ ჩანს, რომ ადამიანს დაკლებული აქვს. დაახლოებით 12 კილოზე მეტი დაიკლო, როგორც ვიცი. დღითიდღე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან დაიწყებს გაუარესებას, თუ უკვე გაუარესებული არ არის. მორალურად მხნედ არის“, - განაცხადა ბასილაიამ.
რაც შეეხება მოთხოვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმმა შეამოწმოს, რასთან დაკავშირებითაც პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართეს, როგორც ბასილაია ამბობს, მათ ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.