ირანის ხელისუფლებამ დღეს 3 დღიანი დაგვიანებით აღიარა, რომ „შემთხვევით ჩამოაგდო“ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ Boeing 737 და 176 ადამიანი მოკლა. სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში შეცდომით ან შეგნებულად სამოქალაქო ავიალაინერების ჩამოგდება არაერთხელ მომხდარა. „ამერიკის ხმა“ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს გაგახსენებთ.
1938 – იაპონიამ ჩინეთის Douglas DC-2 ჩამოაგდო
1938 წლის 24 აგვისტოს ჩინეთის ეროვნული საავიაციო კორპორაციის კუთვნილი Douglas DC-2 ჰონკონგიდან უჩჟოუში მიფრინავდა, რა დროსაც იაპონიის რვა სამხედრო თვითმფრინავი დაესხა თავს. ეს ინციდენტი ითვლება ავიაციის ისტორიაში, სამოქალაქო ლაინერის ჩამოგდების პირველ შემთხვევად. ამერიკელმა მფრინავმა ჰიუ ვუდსმა, რომელიც DC-2-ს მართავდა, ალმოდებული თვითმფრინავი მდინარეზე დასვა, თუმცა იაპონელებმა ლაინერის დაცხრილვა ჰაერიდან ისევ გააგრძელეს. 17 მგზავრიდან 14 დაიღუპა ცეცხლსასროლი ჭრილობით ანაც დაიხჩო. 2 ამერიკელი მფრინავი და 1 მგზავრი გადარჩა. იაპონელებს ჰქონდათ არასწორი ინფორმაცია რომ DC-2-ით ჩინეთის პრეზიდენტის ერთადერთი ვაჟი მგზავრობდა.
1954 - ჩინეთმა ჰონკონგის Douglas C-54 ჩამოაგდო
1954 წლის 23 ივლისს, ჰონგ-კონგის ავიაკომპანია Cathay Pacific Airways-ის ბორტი Douglas C-54 ბანგკოკიდან ჰონგ-კონგის მიმართულებით მიფრინავდა, კუნძულ ხაინანთან ლაინერს ჩინეთის ორმა ავიაგამანადგურებელმა, საბჭოთა წარმოების Lavochkin La-11-მა ცეცხლი გაუხსნა. 19 დან 10 მგზავრი ჰაერშივე ცეცხლსასროლი ჭრილობით დაიღუპა, მათ შორის, ტაივანის ერთი მინისტრი. ბრიტანელმა მფრინავმა შეძლო და C-54 ღია ზღვაში დასვა. 9 ადამიანმა გადარჩენა გასაბერი ნავის დახმარებით მოახერხა.
1955 - ბულგარეთმა ისრაელის Lockheed L-049 ჩამოაგდო
1955 წლის 27 ივლისს ისრაელის ავიაკომპანია El Al-ის ლაინერი Lockheed L-049, რომელიც ლონდონიდან თელ ავივში მიფრინავდა, შეცდომით ბულგარეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის ჩათვლით 58 ადამიანი იმყოფებოდა, ბულგარეთის საჰაერო ძალების ორმა MIG-15-მა ცეცხლი გაუხსნა და ქალაქ პეტრიჩის სიახლოვეს ჩამოაგდო. ყველა მგზავრი დაიღუპა.
1973 - ისრაელმა ლიბიის Boeing 727 ჩამოაგდო
1973 წლის 21 თებერვალს, Libyan Arab Airlines-ის Boeing 727, რომელიც ტრიპოლიდან ბაჰრეინში მიფრინავდა, შეცდომით სინაის ნახევარკუნძულზე აღმოჩნდა, რომელსაც მაშინ ისრაელი აკონტროლებდა. ისრაელის ორმა F-4E ტიპის ავიაგამანადგურებელმა ბორტს დაჯდომა მოსთხოვა. მას შემდეგ კი, რაც ბოინგმა ფრენა გააგრძელა, ცეცხლი გაუხსნა. მფინავებმა დაზიანებული ლაინერის მიწაზე დასმა შეძლეს, თუმცა ქარის მიერ დაგროვილი ქვიშის ბორცვს - დიუნას შეასკდნენ. 108 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ლიბიის ინფორმაციის მინისტრი. მხოლოდ 5 გადარჩა.
1978 - სსრკ-მ სამხრეთ კორეის Boeing 707 ჩამოაგდო
1978 წლის 20 აპრილს, სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air Lines-ის Boeing 707 პარიზიდან სეულში მიფრინავდა. ბორტი შეცდომით, კოლის ნახევარკუნძულის თავზე, სსრკ-ს საჰაერო სივრცეში შევიდა. საბჭოთა ავიაგამანადგურებელმა SU-15-მა ბორტს ცეცხლი გაუხსნა და ჰაერშივე 2 მგზავრი მოკლა. მფრინავებმა შეუძლებელი შეძლეს და დაზიანებული ბოინგი კარელიაში, კოპრიიარვის გაყინულ ტბაზე დასვეს და 107 ადამიანი გადაარჩინეს.
1978-79 - ზიმბაბვემ Air Rhodesia-ს ორი ლაინერი ჩამოაგდო
1978 წლის 3 სექტემბერს, არაღიარებული აფრიკული ანკლავის როდეზიის ავიაკომპანია Air Rhodesia-ს Vickers Viscount-ის ტიპის ლაინერი, ვიქტორიას ჩანჩქერიდან სოლსბერიში (ახლანდელი ჰარარე) მიფრინავდა. ქალაქ კაროის თავზე თვითმფრინავს ზიმბაბვეს „სახალხო-რევოლუციური არმიის“ (ZIPRA) მებრძოლებმა საბჭოთა წარმოების “სტერა-2“ ესროლეს. იძულებითი დაჯდომის დროს ლაინერი სრულად დაიშალა, 52-დან 38 მგზავრი დაიღუპა. მოგვიანებით ამბოხებულები ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდნენ და 10 გადარჩენილი მგზავრი ადგილზე დახვრიტეს. ხუთი ადამიანი სასწაულებრივ გადარჩა, რადგან ჩამოვარდნის შემდეგ სასმელი წყლის საძებრად გაემართნენ.
1979 წლის 12 თებერვალს ZIPRA-ს მეამბოხეებმა Air Rhodesia-ს კიდევ ერთი Vickers Viscount-ის ტიპის ლაინერი ჩამოაგდეს, ამჯერად 59 ადამიანი დაიღუპა. ავიაკასტროფა ქალაქ კარიბას თავზე მოხდა.
1980 – Itavia-ს McDonnell Douglas-ის ბურუსით მოცული ჩამოგდება
1980 წლის 27 ივლისს, იტალიის ავიაკომპანია Itavia-ს ბორტი McDonnell Douglas DC-9 ბოლონიიდან სიცილიაში მიფრინავდა და უსტიკას კუნძულის სიახლოვეს, ტირეინიის ზღვაში ჩავარდა. ბორტზე მყოფი ყველა 81 ადამიანი დაიღუპა. ბოლო 30 წლის მანძილზე, სამმა გამოძიებამ ზუსტად ვერ დაადგინა, თუ რამ გამოიწვია DC-9-ს ჩამოვადნა. მთავარ ვერსიად რჩება რაკეტის მოხვედრა, რომელიც შესაძლოა გაესროლა ან ფრანგულ ან ლიბიურ ავიაგამანადგურებელს. ზუსტად 27 ივლისს, იმ რაიონში, სადაც McDonnell Douglas-ი ჩამოვარდა, NATO-ს რამდენიმე ავიაგამადგურებელი ლიბიური MIG-ის დევნას ახორციელებდა. 2011 წელს, პალერმოს სასამართლომ იტალიის მთავრობას დაღუპულთა ოჯახებისთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
1983 - სსრკ-მ სამხრეთ კორეის Boeing 747 ჩამოაგდო
1983 წლის 1 სექტემბერს, საბჭოთა SU-15-მა სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air Lines-ის Boeing 747 ჩამოაგდო. ლაინერი, რომელის ბორტზეც 269 მგზავრი იყო, ნიუ-იორკიდან სეულში მიფრინავდა, რა დროსაც შეცდომით საბჭოთა საჰაერო სივრცეში კამჩატკისა და სახალინის თავზე აღმოჩნდა. საბჭოთა ავიაგამანადგურებელის მფრინავი არ ეცადა კორეულ Boeing 747-თან კავშირის დამყარებას, მიწიდან ბრძანების შემდეგ კი სამოქალაქო ლაინერს ორი K-8 ტიპის რაკეტა ესროლა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ლაპერუზის სრუტეში ჩავარდა, ყველა 269 მგზავრი დაიღუპა.
1988 - აშშ-მ ირანის Airbus A300 ჩამოაგდო
1988 წლის 3 ივლისს, ირანის ავიაკომპანიის Iran Air-ის ბორტი Airbus A300, რომელიც ასრულებდა რეისს თეირანი-ბენდერ-აბასი-დუბაი სპარსეთის ყურეში ჩავარდა. ბენდერ-აბასის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ლაინერს „მიწა ჰაერის“ ტიპის რაკეტა მოხვდა, რომელიც ამერიკული სარაკეტო კრეისერ USS Vincennes-იდან იქნა ნასროლი. ბორტზე მყოფი ყველა 290 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 65 ბავშვი. უმრავლესობა ირანის მოქალაქე იყო. აშშ-ს მთავრობამ კომპენსაციის სახით დაღუპულთა ოჯახებს 62 მილიონი დოლარი გადაუხადა.
1993 - რუსეთმა საქართველოს ოთხი TU-134 და TU-154 ჩამოაგდო
1993 წლის სექტემბრის ბოლოს, ალყაში მყოფი სოხუმის დაცემამდე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქართული ავიაკომპანიების Transair Georgia-ს, ORBI Georgian Airways-ის და სოხუმის ავიაბაზის ხუთი სამოქალაქო ბორტი გაანადგურეს. 20 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში რუსური საარტილერიო შეტევის შედეგად „ორბის“ კუთვნილი TU-134 დაიწვა, არავინ დაღუპულა.
21 სექტემბერს, რუსებმა სტრელა 2-ით Transair Georgia-ს TU-134 ჩამოაგდეს, რომელიც ადლერიდან სოხუმში მოფრინავდა, ლაინერში შავ ზღვაში ჩავარდა, ყველა 28 მგზავრი დაიღუპა, უმრავლესობა ჟურნალისტები, მათ შორის Wall Street Journal-ის ფრილანსერი.
22 სექტემბერს, რუსებმა ისევ Transair Georgia-ს TU-154 ჩამოაგდეს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა. მფინავმა შეძლო დაზიანებული ბორტის ბაბუშერაში დასმა, სადაც თვითმფრინავი აფეთქდა და მგზავრთა უმრავლესობა ცოცხლად დაიწვა. 132 მგზავრიდან და ეკიპაჟის წევრიდან 108 დაიღუპა. რუსებმა ლაინერს BM-21 Grad-ის სისტემიდან ესროლეს.
23 სექტემბერს, BM-21 Grad-ის რაკეტა ბაბუშერას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მდგომ Transair Georgia-ს TU-134-ს მოხვდა, რომელშიც 30 ადამიანი იმყოფებოდა. ლაინერს ცეცხლი გაუჩნდა, სასწრაფო ევაკუაციის დროს კი ერთი გზავრი დაიღუპა.
წლების მანძილზე, რუსეთი ამ სასტიკ დანაშაულს „აფხაზ სეპარატისტებს“ და „დაქირავებულებს“ მიაწერდა, თუმცა მრავალი წყაროს ცნობით, ტერორისტული აქტების უკან, როგორც ბირცხას მთაზე, ისე "აფხაზურ კატარღებზე" განლაგებული რუსეთის არმიის არტილერისტები იდგნენ.
1998 – „თამილმა ვეფხვებმა“ შრი ლანკის Antonov An-24 ჩამოაგდეს
1998 წლის 29 სექტემბერს შრი ლანკის ავიაკომპანია Lionair-ის კუთვნილი ბორტი Antonov An-24 სეპარატისტული ჯაფნადან კოლომბოსკენ გაფრინდა. An-24-ს ბელარუსი პილოტი მართავდა, ბორტზე 55 მგზავრი იყო. კუნძულ ირანაიტივუს სიახლოვეს ბორტი ტერორისტულმა დაჯგუფება „თამილმა ვეფხვებმა“ შეცდომით ჩამოაგდეს, ყველა 55 მგზავრი დაიღუპა, უმრავლესობა თამილები იყვნენ.
2001 - უკრაინამ რუსეთის TU-154 ჩამოაგდო
2001 წლის 4 ოქტომბერს, რუსული ავიაკომპანია Siberia Airlines-ის ბორტი TU-154 თელ-ავივიდან ნოვოსიბირსკში მიფრინავდა. შავი ზღვის თავზე ლაინერს საბჭოთა წარმოების რაკეტა 5В28 მოხვდა, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულიდან უკრაინის სარაკეტო-საზენიტო ბრიგადამ წვრთნის დროს გაისროლა. ბორტზე მყოფი ყველა 78 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი, სამი გენერალი და რამდენიმე ოფიცერი თანამდებობებიდან დაითხოვა. უკრაინამ დაღუპულთა ოჯახებს 16 მილიონი დოლარი გადაუხადა.
2014 - რუსეთმა მალაიზიის Boeing 777 ჩამოაგდო
2014 წლის 17 ივლისს მალაიზიური ავიაკომპანიის Malaysia Airlines კუთვნილი Boeing 777, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურისკენ მიფრინავდა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა 298 ადამიანი დაიღუპა, მათგან 192 ნიდერლანდელი.
საერთაშორისო გამოძიებით დადგინდა, რომ Boeing 777-ს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს Buk-დან გასროლილი რაკეტა მოხვდა. ეს Buk-ის სისტემა რუსეთის არმიის 53-ე სარაკეტო-საზენიტო ბრიგადას ეკუთვნის, რომელიც კურსკშია დისლოცირებული. მოსკოვმა Buk აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ პრორუსს სეპარატისტებს მცირე ხნით გადასცა და სამოქალაქო ლაინერის შეცდომით ჩამოგდების შემდეგ უკანვე გაიყვანა. რუსეთი Boeing 777 კატასტროფასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.
2020 - ირანმა უკრაინის Boeing 737 ჩამოაგდო
2020 წლის 8 იანვარს, ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს უკრაინის ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ის კუთვნილი Boeing 737 ჩამოვარდა. ბორტი თეირანიდან კიევში მიფრინავდა, ყველა 176 ადამიანი დაიღუპა. ირანმა მხოლოდ დღეს აღიარა და უკრაინული Boeing 737-ის ჩამოგდება სამხედრო-საჰაერო ძალების „ადამიანურ შეცდომას“ დააბრალა. სამი დღის მანძილზე, თეირანი მალავდა ინფორმაციას და აცხადებდა, რომ ბორტმა კატასტროფა „ტექნიკური გაუმართაობის“ გამო განიცადა. ახლა ირანი ირწმუნება, რომ თეირანის აეროპორტიდან აფრენილი ბორტი ამერიკულ სამხედრო-სადაზვერვო თვითმფრინავში აერიათ.