გაერო: უკრაინაში ომმა 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა

გაეროს ადამიანის უფლებათა სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში 10 000 სამოქალაქო პირზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი თითქმის ნახევარი კი ფრონტის ხაზიდან ბევრად დაშორებულ ადგილებში იმყოფებოდა.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მისია უკრაინაში, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ათობით დამკვირვებელი ჰყავს, აცხადებს, რომ რეალური ციფრები სავარაუდოდ ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ის ოფიციალური მონაცემები, რაც ამ ეტაპზეა დაზუსტებული და დადასტურებული. ეს მოიცავს ისეთ შემთხვევებსაც, როგორიც მაგალითად ქალაქ მარიუპოლის ალყა იყო, როცა ადგილობრივების თქმით, ათასობით ადამიანი მოკლეს, თუმცა ციფრების დაზუსტება დღემდე ჭირს, რადგან ქალაქი კვლავ ოკუპირებულია.

ასევე ნახეთ: უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა რიცხვმა 59-ს მიაღწია

გაეროს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 10 000 დაღუპულიც კი უკრაინისთვის უდიდესი დანაკარგია. "რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ ახლა 21-ე თვეში შედის, განგრძობითი კონფლიქტის რისკები კიდევ უფრო იზრდება, ამას კი ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვება, რომლითაც გამოწვეული ტკივილიც საშინლად იზრდება", - ამბობს დანიელ ბელი.

გაეროს ცნობით, უკრაინაში ომის მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი ასაფეთქებელლი მოწყობილობების შედეგადაა დაღუპული, იქნებოდა ეს მასშტაბური ზიანის მომტანი დაბომბვები, სარაკეტო იერიშები, კასეტური ბომბები თუ სხვა. ბოლო სამი თვის განმავლობაში კი, მსხვერპლთა ნახევარი ფრონტის ხაზიდან ძალიან შორს დაიღუპა. გაერო მიუთითებს, რომ რუსეთის ძალები გრძელრადიუსიან სისტემებს და მოძველებულ ასაფეთქებელ საშუალებებსაც იყენებენ.

გაეროს ცნობითვე, ამ ომში არაპროპორციულად დიდია ასაკოვან მოქალაქეთა დაღუპვის მაჩვენებელიცც, რადგან ბევრი ხანდაზმული ადამიანი უარს ამბობს საშიში ადგილების დატოვებაზე, ან ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს. ეს კი ფრონტისპირა დასახლებებში მათ მსხვერპლს კიდევ უფრო ზრდის. მოკლულთა ერთი მესამედი სწორედ 60 წელზე ასაკოვანი მოქალაქეა. მაშინ, როცა ეს ასაკობრივი ჯგუფი მოსახლეობის ერთ მეოთხედს შეადგენს. მოსკოვი უარყოფს, რომ სამოქალაქო მოსახლეობას განზრახ იღებს მიზანში და ამბობს, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზანი, ქვეყნის "დენაციფიკაცია" და იქიდან რუსეთისთვის არსებული საფრთხეების აღმოფხვრაა.