იემენში სამოქალაქო ომის საშიშროებაა

იემენში სამოქალაქო ომის საშიშროებაა

ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იემენში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება შეიძლება სამოქალაქო ომით დამთავრდეს. მზარდი არასტაბილურობის ფონზე იზრდება რისკი იმისა, რომ იემენში მოქმედი ალ ყაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება არეულობას ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვის მიზნით გამოიყენებს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი მერედით ბიუელი ვაშინგტონიდან.

უკვე რამდენიმე თვეა რაც ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარი ამბებით შეგულიანებული მშვიდობიანი დემონსტრანტები იემენში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს ითხოვენ.

მაგრამ ბოლო დღეებში იემენის დედაქალაქ სანააში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლები მთავრობის მომხრე სამხედრო ძალებსა და ჰაშიდის კლანის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის.

„ვფიქრობ საერთაშორისო ძალისხმევის გარეშე, მდგომარეობა უფრო დაიძაბება და შესაძლოა, რომ მზარდი ძალადობა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს,“ აღნიშნავს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იემენში ბატონი ედმუნდ ჰალი.

სამხედრო დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ რაც იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა მესამედ უარყო გარიგება, რომელიც ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემასა და ხელისუფლებიდან მის წასვლას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი სალეჰი იემენს ავტორიტარულად უკვე სამ ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე მართავს.

ტომების გაერთიანების ლიდერი სადიქ ალ-აჰმარი გამოიკვეთა როგორც პრეზიდენტ სალეჰის მთავარი მეტოქე.

ალ-აჰმარი უძღვება გავლენიანი ტომების გაერთიანებას ღარიბ ქვეყანაში, სადაც ოჯახის ერთგულება დიდად ფასდება.

კეთრინ ზიმერმანი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტში იემენის საკითხებს იკვლევს.

„როცა სალეჰმა ძალაუფლების გადაცემასთან დაკავშირებული გარიგება მესამედ უარყო, ეს ბევრი ჯგუფისთვის საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათ გამოეტანათ დასკვნა, რომ სალეჰს ხელისუფლებიდან მშვიდობიანი წასვლა ალბათ არ სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლების გადაცემა მხოლოდ ძალის გამოყენებით მოხერხდება,“ აღნიშნავს ამერიკელი ექსპერტი.

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ყაიდა არაბულ ნახევარკუნძულზე,“ რომელიც იემენში მოქმედებს, ამჟამად ამერიკისთვის ყველაზე საშიშ ტერორისტულ საფრთხეს წარმოადგენს.

მზარდი დესტაბილიზაციის ფონზე ალ ყაიდას იემენში მოქმედების გასაქანი მიეცა რადგან მთავრობის მომხრე სამხედრო ძალები სანააშია კონცენტრირებული, სადაც ისინი პრეზიდენტის სასახლესა და სხვა სამთავრობო ინფრასტუქტურას იცავენ.

ყოფილი ელჩი ჰალი, რომელიც ავტორია წიგნისა „მაღალი ფასეულობის სამიზნე - იემენში ალ ყაიდას შეკავება,“ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ამ დაჯგუფებას უფრო სახიფათოს ხდის.

„მათ ყოველთვის სურდათ ტერორისტული თავდასხმების მოწყობა არა მხოლოდ იემენში არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებით საუდის არაბეთში და შეერთებულ შტატებშიც. ამ განზრახვაში არავის ეპარება ეჭვი. ახლა კი შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომელიც ამ განზრახვის შესრულებას უწყობს ხელს,“ განაცხადა იემენში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ არეულობა იემენში ალ ყაიდას სამოქმედო სივრცეს აფართოვებს, რაც ძალზედ შემაშფოთებელია ვინაიდან ტერორისტებს თავდასხმების დაგეგმვის საშუალება ეძლევათ.

თუმცა იემენის მომავალი გაურკვეველი რჩება, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ალ ყაიდას მოქმედების გასაქანს აძლევს, რის გამოც ეს ტერორისტული ორგანიზაცია მზარდ საფრთხეს უქმნის როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ისე შეერთებულ შტატებს.