ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ქალაქ ვუჰანში უცნობი კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა დაადასტურეს. ვუჰანის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიის თქმით, ამ დროისთვის ვირუსის 200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის, 2 პეკინში და ერთი სამხრეთ ჩინეთში.
ვირუსის გამო 3 ადამიანი გარდაიცვალა. ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ პერსონალური ჰიგიენის დაცვაზე და პირზე ხელი აიფარონ დაცემინებისას, ან დახველების დროს.
კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდსა და იაპონიაშიც.
პარასკევს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვუჰანიდან მომავალი მგზავრების დამატებითი კონტროლი დაიწყო 3 ქალაქის აეროპორტებში: ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო. ვირუსზე მგზავრთა შემოწმება მიმდინარეობს ტაილანდის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის აეროპორტებშიც.
ჩინეთის და ამერიკის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შეშფოთება იზრდება ჩინური ახალი წლის მოახლოებასთან ერთად. დაახლოებით 1.4 მილიარდი ჩინეთის მოქალაქე დაიწყებს ახლა მოგზაურობას მთვარის კალენდრის მიხედვით, ახალი წლის აღსანიშნად. უქმეები ამ დღესასწაულთან დაკავშირებით 25 იანვრიდან იწყება.