ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი ოთხშაბათს შეიკრიბება და კორონავირუსის გავრცელებით შექმნილ ვითარებას განიხილავს. რისკის ქვეშ მყოფ მსოფლიოს საერთაშორისო აეროპორტებში საგანგებო ზომებს უკვე მიიღეს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში და სამხრეთ კორეაში.
ჯანდაცვის ექსპერტების მონაცემებით, ახალი კორონავირუსის გამო, უკვე 6 პაციენტი გარდაიცვალა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ადასტურებს, რომ ვირუსი არამარტო ცხოველებისგან, არამედ ინფიცირებული ადამიანებისგანაც ვრცელდება.
ორშაბათს მათ განაცხადეს, რომ ბოლო 3 დღეში 136 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ვირუსის სწრაფად გავრცელების შიშს ზრდის. მათ შორის, პირველი შემთხვევებია ჩინეთის დედაქალაქ პეკინში და ასევე - შანხაიში. ქალაქ ვუჰანში, სადაც ინფექციამ დეკემბერში იფეთქა, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ახლა 200-ს აჭარბებს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ერთი საათის წინ დაადასტურეს შეერთებულ შტატებში. კერძოდ, ვაშინგტონის შტატში. ის ჩინეთიდან ჩამოსულ პაციენტს აღმოუჩინეს, რომელსაც გასულ კვირას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. პაციენტი ამერიკაში მანამდე ჩამოვიდა, სანამ საერთაშორისო აეროპორტებში ახალ რეგულაციებს შემოიღებდნენ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი განცხადებას დღესვე გააკეთებს.
ვირუსის ერთი შემთხვევაა სამხრეთ კორეაშიც. კორონავირუსი იქ 35 წლის ქალს აღმოაჩნდა, რომელიც კორეაში ვუჰანიდან ჩაფრინდა. ინფიცირების ანალოგიური ფაქტებია ტაილანდში და იაპონიაშიც.
ტაივანის აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსულებისთვის სპეციალური თერმული სკანერები დააყენეს. მგზავრები "გამონაკლისის გარეშე" შემოწმდებიან, განაცხადა ტაივანის ჯანდაცვის მინისტრმა. თუკი მათ სიცხე აღმოაჩნდებათ, მგზავრებს კარანტინში გადაიყვანენ და 24-საათიან მონიტორინგს დაუწესებენ.