თეთრი სახლის გადაწყვეტილებას, დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადოს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას პეკინში, ჩინეთში გამოეხმაურნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ვაშინგტონის საპასუხოდ პეკინი „მტკიცე კონტრზომებს“ მიიღებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ფასს გადაიხდის თავისი მცდარი ქმედებისთვის,“- თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. მისივე თქმით ამერიკამ ოლიმპიურ პრინციპებს უღალატა.
პეკინის პოზიცია კიდევ უფრო მწვავე მას შემდეგ გახდა, რაც თეთრი სახლის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოზიცია უცნობი დარჩა ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული მთელმა რიგმა ქვეყნებმა ვაშინგტონის პოზიცია გაიზიარონ და პეკინის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადონ.
ასევე ნახეთ: თეთრმა სახლმა პეკინის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადასაუბარია დიპლომატიურ ბოიკოტზე, რომელიც ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადაში დიპლომატების არგაგზავნას ეხება, თუმცა არა - სპორტსმენების. ამერიკელი სპორტსმენები სხვადასხვა შეჯიბრებებში პირველობისთვის იბრძოლებენ.
დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადების მიზეზი ვაშინგტონისთვის ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა გახდა. საუარია ჩინეთში მილიონობით მუსლიმი უიღურის დაკავებასა და ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული ძალების დარბევასა და დევნაზე. ვაშინგტონი პეკინს აფრთხილებდა, რომ შეეწყვიტა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, თუმცა ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მოწოდებები არ გაითვალისწინა.
ჩინეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების შესახებ შეშფოთება გამოითქვა კანადაში. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეყანა პოზიციებს პარტნიორ ქვეყნებთან აჯერებს. დიპლომატიურ ბოიკოტს შესაძლოა ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და იაპონიაც შეუერთდნენ. ევროკავშირში ამბობენ, რომ ბოიკოტის გამოცხადება ცალკეული ქვეყნების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს და არა - საერთო საგარეო პოლიტიკის ნაწილი.
პეკინში ზამთრი ოლიმპიადას არ დაესწრებიან დიპლომატები ახალი ზელანდიიდან. გადაწყვეტილბის მიზეზი პანდემია კოვიდ19-ია.