ამერიკაში არსებული საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უცხოელ სტუდენტებს შორის ჩინელების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ანგარიშის ავტორების გამოკითხვით, დადგინდა, რომ ბოლო აკადემიური წლის განმავლობაში ამერიკაში უმაღლესი განათლების მიღებას 128 000 ჩინელი ცდილობდა.
ინსტიტუტის კვლევებისა და შეფასების ვიცე პრეზიდენტი რაჯიკა ბტანდარი ამბობს:
„ამერიკაში მოსწავლე ჩინელი სტუდენტების რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა. აქედან უმრავლესობა ბაკალავრის ხარისხის მაძიებელია. დღეისათვის, მთლიანობაში ამერიკაში მოღვაწე უცხოელ სტუდენტებს შორის 20 პროცენტი სწორედ ჩინეთიდან არის.“
საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი პეგი ბლუმენთალი გვეუბნება, რომ წელს გაიზარდა საუდის არაბეთიდან ჩამოსული სტუდენტების რაოდენობაც, რაც სავარაუდოდ საუდის არაბეთის მთავრობის მიერ აკადემიური დახმარების მზარდი ხელმისაწვდომობის ხარჯზე მოხდა.
ამერიკაში ასევე უამრავი სტუდენტია ინდოეთიდან და მათი რაოდენობა გასული აკადემიური წლის მანძილზე 690 ათასს შეადგენდა.
ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი თანხით ამერიკის ეკონომიკაში ყოველწლიურად 20 მილიარდი დოლარი შედის.
ჩინელი სტუდენტები აქ ყველაზე ხშრად ბიზნესის მენეჯმენტს და ინჟინერიას სწავლობენ, ინდოელები კი მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებსა და მათემატიკაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ჩინელების მოზღვავებას ჩინეთის ეკონომიკის ბუმით ხსნიან, ისევე როგორც ქვეყნის საშუალო ფენის გააქტიურებით.
აღნიშნული ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი ამბობს, რომ უცხოეთში სწავლისთვის წასული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდასთან ერთად ამერიკას უახლოეს მომავალში დაუდგება საკითხი, თუ სად უნდა განათავსოს ამდენი სტუდენტი.
„ჩინეთში ოჯახების უმრავლესობას ერთი შვილი ჰყავს, და ვიცით რომ მშობლები ყველაფერს აკთებენ რათა მათმა შვილმა საუკეთესო განათლება მიიღოს და კონკურენტუნარიან გარემოში გაიზარდოს. ამერიკული სკოლები მათთვის ძალიან მიმზიდველია. „
ბლუმენთალი დასძენს, რომ მრავალმხრივი დისციპლინარული გარემო, სტუდენტების აქტიური ჩართულობა, პროფესორებისა და სტუდენტების ერთობლივი კვლევები და ინოვაციების წახალისება ამერიკულ უნივერსიტეტებს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის უცხოელებისთვის.