ორშაბათს ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ზოგიერთ დრონზე და დრონებთან დაკავშირებულ აღჭურვილობაზე საექსპორტო კონტროლს აწესებს. ჩინეთი ამბობს, რომ ტექნოლოგიაზე წვდომის საკითხში, შეერთებულ შტატებთან მზარდი დაძაბულობის პირობებში, „ეროვნული უსაფრთხოების და ინტერესების“ დაცვა სურს.
ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვები მოწყობილობებზე, რომელშიც შედის დრონის ზოგიერთი ძრავა, ლაზერები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა და დრონსაწინააღმდეგო სისტემები, ძალაში 1 სექტემბერს შევა.
შეზღუდვები ზოგიერთ სამომხმარებლო დრონსაც შეეხება და სამხედრო დანიშნულებისთვის არცერთი სამოქალაქო დრონის ექსპორტი არ იქნება დაშვებული, განაცხადა სამინისტროს პრეს-მდივანმა.
ასევე ნახეთ: "აშშ ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს" - როიტერიპრეს-მდივანმა ასევე თქვა, რომ შეტყობინება ყველა შესაბამის ქვეყანას და რეგიონს გაეგზავნა.
ჩინეთს დრონების წარმოების დიდი ინდუსტრია აქვს და ექსპორტს რამდენიმე ბაზარზე, მათ შორის შეერთებულ შტატებში აწარმოებს.
ამერიკელმა კანონმდებლებმა თქვეს, რომ აშშ-ში გაყიდული დრონების 50 პროცენტი ჩინური DJI-ს მიერაა დამზადებული და ყველაზე პოპულარული დრონებია, რომელსაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების სააგენტოები იყენებენ.
2022 წლის მარტში, გერმანულმა საცალო მოვაჭრემ DJI-ს ბრალი დასდო, რომ რუსეთს უკრაინული სამხედრო პოზიციების შესახებ ინფორმაცია გადასცა, კომპანიამ ბრალდება უარყო, როგორც „სრული სიცრუე“.
დრონების ექსპორტის შეზღუდვა ხდება მას შემდეგ, რაც ჩინეთმა შემოიღო საექსპორტო კონტროლი ზოგიერთ ლითონზე, რომელიც ელექტრონული ჩიპების წარმოებაში ფართოდ გამოიყენება. ჩინეთის ეს ნაბიჯი მოჰყვა აშშ-ის გადაწყვეტილებას, შეეზღუდა ჩინეთის წვდომა საკვანძო ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ჩიპების დასამზადებელი აღჭურვილობა.