ჩინეთის ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოსავლენად, უფრო ძლიერ და მკაცრი ტესტირების რეჟიმზე გადადის.
ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დირექტორის მითითებით, ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, ყველა დასახლებულ პუნქტში, ტესტირება უნდა უზრუნველყონ. განსაკუთრებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.
ჩინეთში, საიდანაც გლობალური პანდემია დაიწყო, ოფიციალური მონაცემებით, გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევები იკლებს, თუმცა ოფიციალური ჩინეთი კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ქვეყანაში ადგილობრივი გადაცემა კვლავ ფიქსირდება, მათ შორის, პეკინში.
ბოლო 14 დღის განმავლობაში გამოვლენილი ოფიციალურად დადასტურებული 82 ახალი შემთხვევიდან, ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთ პროვინციაში 42, სამხრეთ პროვინციაში კი 30 შემთხვევა გამოვლინდა.
ოფიციალური ჩინეთის ინფორმაციით, ინფიცირებულ ადამიანთა უმეტესობა, საზღვარგარეთიდან ჩავიდა მათი უმრავლესობა კი ქვეყანაში რუსეთიდან დაბრუნდა.
იმ ფონზე, როცა არც ერთი ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის, ჩინეთმა შესაძლოა დაიწყოს ზოგიერთი პროფესიის ადამიანების ვაქცინაცია, მათ შორის, მედპერსონალის. ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ადგილობრივი მედიის ცნობით, ვაქცინაციის დაწყება წლის ბოლოს იგეგმება.
ოფიციალური ცნობით, ჩინეთმა ამ დრომდე, მინიმუმ სამი ექსპერიმენტული ვაქცინა დაამტკიცა, რომლებიც ადამიანებზე უნდა გამოიცადოს.