ავსტრალიის ყველაზე მეტად დასახლებული შტატის, ახალი სამხრეთ უელსის სკოლები ისევ გაიხსნა. კორონავრიუსის გამო, რამდენიმე კვირის განმავლობაში კარანტინი იყო გამოცხადებული და სხვა დაწესებულებებთან ერთად, ქვეყანაში დაკეტილი იყო სკოლებიც. დღეს მოსწავლეები პირველად დაბრუნდნენ თავიანთ კლასებში.
ორშაბათს სასწავლო პროცესს მილიონზე მეტი სტუდენტი დაუბრუნდა. გაიხსნა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლები. ახალი სამხრეთ უელსის შტატის გარდა, სასწავლო პროცესი აღადგინა მეზობელმა ქუინსლენდის შტატმაც. მოსწვალეების უმეტესობა დაბრუნდება სკოლებში ტასმანიაშიც. სწავლა იქ სამშაბათიდან უნდა აღდგეს.
სკოლებში დაბრუნების მიუხედავად, გარკვეული აკრძალვები კვლავ ძალაში რჩება. ბავშვებმა და მასწავლებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან, ხოლო მშობლები სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.
განათლების მინისტრის თქმით, სკოლაში დაბრუნების პროცესი კარგად დაიწყო. მინისტრმა თქვა, რომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისა და მასწავლებლებისთვისაც. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად, შენობების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.