სირიის პოზიცია ქიმიურ იარაღის თაობაზე

ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ფასალ ალ-მექდადს ესაუბრა
ქიმიური ირაღის გამოყენების შემდეგ გავრცელებულმა ვიდეოფირებმა და ფოტოებმა მთელი მსოფლიო აღაშფოთა. პოლიტიკოსები, თუ რიგითი ადამიანები მათ შემაძრწუნებელს, შემზარავს, კოშმარულს უწოდებენ. შეერთებული შტატები ამტკიცებს, რომ იარაღი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერმა ძალებმა გამოიყენა. რუსეთი ამ ფაქტს ამერიკის მოკავშირეების მიერ მოწყობილ პროვოკაციას უწოდებს. რაც შეეხება გაეროს, ორგანიზაციის ინსპექტორების გუნდმა სირიაში მუშაობა დაასრულა და შაბათს ქვეყანა დატოვა. ბან კი-მუნის პრესმდივნის განცხადებით, ინსპექტორების მუშაობის შედეგების შესახებ გაეროს გენერალურ მდივანს ბრიფინგი კვირას ჩაუტარდა. პრესმდივანი არაფერს ამბობს იმის თაობაზე, თუ როდის შეიძლება ინსპექტორების საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდეს.

რა პოზიცია უჭირავთ თავად სირიის ოფიციალურ წარმომადგენლებს? ქიმიური იარაღის გამოყენებათან დაკავშირებით სირიის ხელისუფლების გზავნილი ერთმნიშვნელოვანია: ის კვლავ დაბეჯითებით აცხადებს, რომ იარაღი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებს არ გამოუყენებიათ. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ფასალ ალ-მექდადი ტელეკომპანია „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ მომწამლავი აირი დამასკოს გარეუბანში სწორედ იმ ძალებმა გამოიყენეს, რომლებსაც ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები უჭერს მხარს.

„ვფიქრობ, ობამას გუშინდელმა გამოსვლამ აჩვენა, თუ რამდენად კომპლექსურია ეს საკითხი და რამდენად პარალიზებულია ის თავად. სიტუაცია თავისთავად ძალიან რთულია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, აგრესია დღეს დაიწყება, თუ ხვალ. ამერიკელი ხალხისთვის და საერთაშორისო აზრისთვის გარკვეულია უკვე, რომ ის ბრალდებები, რომელიც ობამამ და მისმა სახელმწიფო მდივანმა წაუყენა სირიას, არასწორია და ვიტყოდი, რომ აბსოლუტურ, დიდ სიცრუეს წარმოადგენს“ - განაცხადა სირიის საგარეო უწყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

დამასკო გარე აგრესიისთვის ემზადება. სირიის სახელმწიფო ტელევიზია გამუდმებით გადასცემს საომარ მარშებს, აჩვენებს სატანკო და სხვა საბრძოლო ტექნიკის მზადყოფნას და სამხედრო აღლუმების კადრებს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს „უსამართლო აგრესიას“. ფასალ ალ-მექდადი შეერთებული შტატების კანონმდებლებს მოუწოდებს, ვიდრე სხვა ქვეყანაზე თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, „სიბრძნე გამოიჩინონ“. მან „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის მიერ წარმოდგენილი ქიმიური იარაღის გამოყენების ვიდეომასალა ერაყში 2003 წელს დაწყებულ ომს შეადარა და იმ ბრალდებებს, რომელიც იქ მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებას უკავშირდებოდა.

შეიარაღებული ძალების ქვეყნის შიგნით გადაადგილება ადასტურებს, რომ სირიის არმია თავდასხმისთვის მართლაც ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერი ძალები მაქსიმალურად მოაცილეს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა აეროპორტები და სამხედრო ბაზები. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ სარაკეტო სისტემებს და „გრადის“ ტიპის საარტილერიო დანადგარებს საჯარო სკოლებში მოჰკრეს თვალი.

სირიაში პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერთა მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს რუსეთიც უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ორშაბათს განაცხადა, რომ თუკი შეერთებული შტატები სირიაზე იერიშს მიიტანს, ჟენევაში დაგეგმილი სირიის სამშვიდობო პროცესი შესაძლოა ჩაიშალოს.

„თუკი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული, ჩვენთვის იმედის გამაცრუებელი ქმედება განხორციელდება, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ჟენევის ფორუმი დროებით შეყოვნდება, ან საერთოდ ჩაიშლება“.

ლავროვის თქმით, შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი ქიმიური იარაღის გამოყენების დამადასტურებელი ინფორმაცია ძალზე მწირია, რადგან მას აკლია გეოგრაფიული კოორდინატები და კონკრეტული ადამიანების სახელები. ლავროვმა ამერიკას კიდევ უფრო მეტი დოკუმენტაცია მოსთხოვა, თუმცა შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ინფორმაცია საიდუმლოა და მისი გაზიარება შეუძლებელია.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები სირიაში სამხედრო ინტერვენციის მომხრეებად რჩებიან. საკუთარი პოზიცია ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმაც დააფიქსირა:

„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალზე საშიშ გზავნილს მივაწვდით ყველა დიქტატორს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მათ შეუძლიათ ქიმიური იარაღის გამოყენება ისე, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან ამაზე პასუხი არ მოეთხოვებათ“.

ქაიროში გამართულ არაბული ლიგის შეხვედრაზე არაბული ქვეყნების წარმომადგენლებმა სირიაში „აუცილებელი შემაფერხებელი, შემაკავებელი“ ზომების მიღებაზე გაამახვილეს ყურადღება. ლიგის გენერალურმა მდივანმა, ნაბილ ელრაბიმ ორშაბათს განაცხადა, რომ სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით მათ ორგანიზაციაში ორი აზრი არ არსებობს, და რომ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ მათ შესაჩერებლად, ვინც ეს უკანონობა ჩაიდინა, სასწრაფო ღონისძიებებია გასატარებელი.

პარალელურად სირიიდან დევნილთა რიცხვი კატასტროფულად მატულობს. „ასოშეიტედ პრესთან“ ინტერვიუში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარი, თარიქ ქურდი ამბობს, რომ სირიის ომისწინანდელი მოსახლეობის მესამედმა ქვეყანა უკვე დატოვა.

მას გაეროს ხელთ არსებული მონაცემები მოჰყავს და ამბობს, რომ ბოლო ანგარიშების მიხედვით, „კრიზისი 7 მილიონამდე ადამიანს შეეხო. მათგან 5-მა მილიონმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა და სხვაგან აფარებს თავს. მათი უმრავლესობა ქალი და ბავშვია“ - აღნიშნავს გაეროს უმაღლესი კომისარი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ დევნილთა დაუსრულებლი პრობლემების მოსაგვარებლად მათ ამ ეტაპზე, სულ ცოტა, 180 მილიონის დაფინანსება სჭირდებათ.