ინტერვიუს დასაწყისში ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება ჩარლზ კინგმა ამგვარად დაახსიათა:
„ვფიქრობ რეგიონში ძალიან რთული მდგომარეობა შეიქმნა. რუსული პერსპექტივიდან რომ შევხედოთ მას, ჩრდილოეთ კავკასია ქვეყნის შიგნით ეროვნულ უსაფრთხოებას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის, როგორც ეს პრეზიდენტმა მედვედევმა თავად აღნიშნა. ხოლო მდგომარეობას რეგიონში მცხოვრები ხალხების გადასახედიდან თუ შევხედავთ, ისინი ძალადობის ზრდას განიცდიან, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში ისლამისტურ ტერორიზმს უკავშირდება. სხვა შემთხევებში, ძალადობას კრიმინალური საქმიანობა იწვევს, ადამიანთა გატაცებების ჩათვლით. ამას გარდა, ჩრდილოკავკასიელებმა თავის თავზე გამოიცადეს ისიც, რომ მზარდი ძალადობა რუსეთის მთავრობის მოქმედებებეს უკავშირდება. კერძოდ, მხედველობაში მაქვს პოლიციისა თუ უსაფრთხოების სამსახურების მიერ მეამბოხეებად მიჩნეული პირების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ზომები. ამგვარი ზომების ჩატარებისას ბევრ უდანაშაულო და მშვიდობისმოყვარე ადგილობრივ მკვიდრს აკავებენ.“
ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მიმართ საქართველოს პოლიტიკის გააქტიურებასთან დაკავშირებით კინგმა აღნიშნა:
„ვფიქრობ საქართველო საკმაოდ დელიკატურ გათვლას აკეთებს. ჩემი აზრით, მას ამ მხრივ დიდი სიფრთხილე მართებს. ერთის მხრივ ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არსებობს. ამას გარდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ საერთაშორისო საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ხალხს ოჯახის წევრების ნახვის უფლება უნდა გააჩნდეს. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ ხალხს საერთაშორისო საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის უფლება უნდა ჰქონდეს. მეორეს მხრივ ცხადია, რომ საქართველო ძალიან აშკარად განასხვავებს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ პირებს რუსეთის დანარჩენი მოქალაქეებისგან. ამგვარი განსხვავება, რომელსაც სხვათაშორის მსოფლიოს სხვა რეგიონებში სხვადასხვა სახელმწიფოები იყენებენ, საკმაოდ დელიკატურ გათვლას წარმოადგენს რადგან ეს განსხვავება უწინარეს ყოვლისა გეოგრაფიულ ან გარკვეული თვალსაზრისით ეთნიკურ თავისებურებებს ეფუძნება და არა კანონსა და მოქალაქეობას. რუსეთის პერსპექტივიდან ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს გადმოსახედიდან კი ჩრდილოეთ საზღვარზე საქართველოს ლეგიტიმური ინტერესების გამოვლინებას.“
ინტერვიუს დასასრულს კინგმა სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოახლოვების ფონზე ჩერქეზთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით დასძინა:
„ჩერქეზი აქტივისტები როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში ისე ჩერქეზულ დიასპორაში სოჭის ტეროტრიას უკავშირებენ იმ ადგილს საიდანაც ჩერქეზები XIX საუკუნის 60-იანი წლების პირველ ნახევარში საზღვარგარეთ გადაასახლეს. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება რომ ეს მტკივნეული საკითხები სამოქალაქო საზოგადოებამ და ისტორიკოსებმა განიხილონ, და არა ქვეყნების პარლამენტებმა. მაგალითად რაც შეეხება სომხურ გენოციდს შეერთებულ შტატებში ყოველ აპრილს ერთი და იგივე სანახაობა იდგმება. მიმაჩნია, რომ ამერიკელი კონგრესმენები ან ქართველი პარლამენტარები ამ რთული ისტორიული გამოცდილების ადეკვატურ შეფასებას ვერ შესძლებენ. ვფიქრობ ამ საკითხებზე ისტორიკოსები და სხვა ექსპერტები უნდა მსჯელობდნენ.“