ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ამბობს, რომ სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგნენ.
"სენატორი კარდინი გმობს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" განგრძობით ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შაბათის წინააღმდეგობრივი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნების, რომელიც იმ პარლამენტმა ჩაატარა, რომელსაც ქართული საზოგადოება და საერთაშორისო დამკვირვებლები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. თავდასხმების ესკალაცია ემთხვევა "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის თქმას, ნაბიჯს, რომელიც 28 ნოემბერს გადაიდგა, და რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას - ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების ჩანაწერს", - ვკითხულობთ დემოკრატი სენატორის განცხადებაში. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საპრეზიდენტო არჩევნებზე გამორჩეულ ყურადღებას ამახვილებს და ამბობს, რომ პარლამენტის მიერ არჩეული კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი ცნობილია "ანტიამერიკული პროვოკაციებით".
ასევე ნახეთ: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელეს"ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა თავისი ნამდვილი ბუნება იმით, რომ აირჩია ცნობილი ანტიამერიკელი პროვოკატორი მიხეილ ყაველაშვილი, როგორც მისი სტანდარტის მაჩვენებელი. ბატონი ყაველაშვილი ცენტრალური ფიგურა იყო საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში, მათ შორის, მისი როლით უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონმდებლობის თანაავტორობაში. როდესაც ქართველი ხალხი მასობრივად შეგროვდა შაბათს, ამ ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით გაუსწორდნენ. "ქართულმა ოცნებამ" დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული დემონსტრანტი, მათ შორის, არასრულწლოვნები", - ამბობს სენატორი და ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდებს ამ ქმედებებში ბრალდებულები "მაგნიტსკის გლობალური აქტის" ფარგლებში დაასანქციროს.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ რეპრესიების ძალადობრივი აქტების ორგანიზებაზე, მათ შორის "გლობალური მაგნიტსკის აქტის" სანქციების გამოცემით. ახლა არის ის მომენტი, როცა შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დაუდგნენ გვერდით ქართველ ხალხს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში".
ასევე ნახეთ: როჰაჩი: ყველა მიზეზი არსებობს "ოცნების" ლიდერების ქონებისა და აქტივების გასაყინად"მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგატიშვალდებულების გლობალური აქტი" 2017 წელს გამოიცა და ის მოიცავს ადამიანის უფლებათა დარღვევებისა თუ კორუფციული ქმედებებისთვის ანგარიშვალდებულების დაწესებას ამერიკის გარეთ მომხდარ ფაქტებზე მაშინ, როცა ამ ქმედებებმა "მიაღწია ისეთ მასშტაბსა და სიმძიმეს, რომ ის საფრთხეს უქმნის საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების სტაბილურობას".
"მაგნიტსკის სიის" სახელწოდება უკავშირდება რუსეთში მცხოვრებ აუდიტორს, სერგეი მაგნიტკისკის, რომელიც 2007 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ კორუფციას იძიებდა. მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს, 1 წლის შემდეგ კი ციხეში გარდაიცვალა. 2012 წელს ამერიკის კონგრესმა "მაგნიტსკის კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების აქტი" დაამტკიცა, რომლითაც შეიქმნა მექანიზმი, რომ დაწესებულიყო სანქციები იმ პირებისთვის, ვინც მაგნიტსკის დაკავებაში და სიკვდილში მონაწილეობდნენ, ან რუსეთში ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებზე იყვნენ პასუხისმგებელნი. მოგვიანებით კი ეს აქტი კიდევ უფრო გაფართოვდა და სანქციები ვრცელდება ნებისმიერი სხვა უცხო ქვეყნის წარმომადგენლზე, რომელიც შეერთებული შტატების შეფასებით, ადამიანის უფლებებს არღვევს და კორუფციულ ნაბიჯებს დგამს. ეს აქტი სხვა ქვეყნებშიცაა დამტკიცებული, 2020 წელს ის მიიღო ევროკავშირმაც.