გაეროს წარმომადგენელი ყირგიზეთში შეშფოთებულია იმ გარემოებით რომ შუა აზიაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები შესაძლოა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა თავისი გავლენის გაძლიერებისთვის გამოიყენონ.
როგორც გაეროს ელჩი მიროსლავ ჯენკა აცხადებს ყირგიზეთში არეულობა დიდი ხნის განმავლობაში არსებულმა დაძაბულობამ გამოიწვია და თუ არ მოხდა შერიგება სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის მაშინ მომავალი კონფლიქტი გარდაუვალი გახდება.
მისი თქმით:“ ფერგანის ველზე და მთლიანად შუა აზიაში, ავღანეთის მოსაზღვრე რაიონში ექსტრემიზმს ნოყიერი ნიადაგი გააჩნია. აქ რამდენიმე კარგად ცნობილი ექსტრემისტული დაჯგუფება მოქმედებს, რომლებსაც შეუძლიათ შექმნილი ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენება.“
ფერგანის დაბლობზე, რომელიც უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ტერიტორიაზეა გადაჭიმული 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ამ რეგიონში რამდენიმე სისხლიანი შეტაკება მოხდა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ყირგიზეთში დაღუპულ ადამიანთა რიცხვი ოფიციალური მონაცემებით 200 არ აღემატება, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი როზა ოტუნბაევა აღიარებს მსხვერპლის რიცხვი გაცილებით მაღალია.
როგორც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი ალიშერ ხამიდოვი აცხადებს ექსტრემისტული იდეოლოგია რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიერ ამა თუ იმ მიწა-წყალზე განსაკუთრებულ უფლებების აღიარებას მოითხოვს. ადრე ყირგიზეთში ისეთი ვითარება არსებობდა რომ ყირგიზები სამთავრობო სტრუქტურებს აკონტროლებდნენ, უზბეკები კი ვაჭრობას.
მისი თქმით:“ წინა პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის დროს ყირგიზებმა ნელ-ნელა თავიანთი გავლენის გაფართოება დაიწყეს, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეთნიკური დაპირისპირება და ორი თვის წინათ ბაკიევის დამხობის და სახელმწიფო სტრუქტუტრების პარალიზების შემდეგ ამ ყველაფერმა ერთბაშად ამოხეთქა.“
ბატონი ხამიდოვის განცხადებით ფერგანის ველზე სტალინის პერიოდში დაწესებული საზღვრები ისე იყო გავლებული რომ არ იყო გათვალისწინებული ამ რაიონში მოსახლე ხალხთა ინტერესები. აქ სტრატეგიული რესურსია ნავთობი და წყალი, რომლებსაც შუა აზიის სახელმწიფოთა ლიდერები ერთმანეთის წინააღმდეგ დაპირისპირების დროს იყენებენ.
მისი თქმით:“ ამის კარგი მაგალითია ყირგიზეთის და ტაჯიკეთის პოლიტიკა, რომლებიც ყაზახეთსა და უზბეკეთს პერიოდულად წყლის მიწოდებას უწყვიტავენ, რათა მათგან ნავთობზე ფასების დაწევას მიაღწიონ. თავის მხრივ უზბეკეთი ცივი ზამთრის დროს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას უწყვიტავს.“
გარდა ამისა ფერგანაში ავღანეთიდან ნარკოტიკების დიდი რაოდენობა შემოდის. როგორც შუა აზიის საკითხების ექსპერტი ნადირ ისმაილოვი აცხადებს ექსტრემისტული დაჯგუფებები უმუშევარ ახალგაზრდებს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იყენებენ. მისი თქმით:“ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ტერორიზმთან არის დაკავშირებული. ამ საქმეში სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებები არიან ჩარეულნი, რომლებიც დიდ ფულს აკეთებენ და ექსტრემისტებს ეხმარებიან.“
ალიშერ ხამიდოვი თავის მხრივ ამტკიცებს რომ ეთნიკური და ისლამური ექსტრემიზმი არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. რელიგიური ფუნდამენტალისტები პირიქით უარყოფენ ყოველგვარ ნაციონალიზმს და მთელს შუა აზიაში შარიათის კანონების დამყარებას ცდილობენ.
როგორც გაეროს წარმომადგენელი მიროსლავ ჯენკი აცხადებს ყირგიზეთის სამხრეთი სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას საჭიროებს. მისი თქმით ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობაზეც, რომელმაც მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს ყირგიზეთის დროებით მთავრობას შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძებნის თვალსაზრისით.