კატალონიის ლიდერები, პუიგდემონტის გამოკლებით, ესპანური სასამართლოს წინაშე წარსდგნენ

ესპანეთის კატალონიის რეგიონის ლიდერები დღეს მადრიდის ორი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, რათა კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებებზე გაეცათ პასუხი. მათ ბრალად დაუმორჩილებლობას, ამბოხებას და გაფლანგვას სდებენ.

გადაყენებული ლიდერი, კარლეს პუიგდემონტი მათ შორის არ იყო. ეს კვირა მან ბრიუსელში გაატარა და სასამართლოში გამოცხადების ორდერს არ დაემორჩილა. მან ბრალდებები უარყო, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და განაცხადა, რომ ესპანეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ იურიდიული პროცესის მიუკერძოებლობის და სამართლიანობის გარანტიას მიიღებს.

ესპანეთის მმართველი სახალხო პარტიის პრეს-მდივანმა ასოშიეტიდ პრესს უთხრა, რომ მადრიდის სასამართლოში პუიგდემონტის გამოუცხადებლობამ შესაძლოა მისი დაპატიმრების ორდერის გაცემა და ექსტრადიციის მოთხოვნა გამოიწვიოს.