3 თვიანი პროტესტის, დარბევის, დაკავებებისა და დევნის ფონზე, ბელარუსში ვითარება უფრო და უფრო რთულდება. ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღდეგ აქციაზე, 31 წლის მშვიდობიანი დემონსტრანტი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას ამ დრომდე უცნობმა, სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირებმა სცემეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი სახელმწიფო უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ.
რომან ბონდარენკოს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
დემონსტრანტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბონდარენკო ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სისასტიკეს შეეწირა.
ასევე ნახეთ: მოსკოვის გათვლები ბელარუსშიყველაფერი კი მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო. ბონდარენკო აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, ერთ-ერთ სათამაშო მოედანზე წითელ და თეთრ ფერებში ლენტებს ამაგრებდა, რაც ბელარუსში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ერთ-ერთი სიმბოლოა. სწორედ ამ დროს ადგილზე უცნობი პირები გამოჩდნენ და აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. ძალადობის დროს ბონდარენკომ, ფატალური დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
"სამწუხაროა მაგრამ გადაუდებელი ჩარევის და ექიმების არაერთი მცდელობის მიუხედავად პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,"- წერია ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ლუკაშენკოს მთავრობა, რომელმაც გასულ თვეში გადაწყვეტილება მიიღო, რომ საჭიროების შემთხვევაში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არა რეზინის არამედ ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინათ, დღეს განმარტავს, რომ სპეცსამსახურებს მომხდართან კავშირი არ ჰქონია და ადგილზე სამოქალაქო პირებმა იჩხუბეს, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
მომხდარზე ქვეყნიდან დევნილმა ოპოზიციონერმა სვიატლანა ციხონუსკაიამ მალევე გააკეთა განცხადება და ის "ცინიზმად და რეჟიმის სისასტიკის" კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა.
მინსკში ადგილზე სადაც ახალგაზრდა დემონსტრანტი გარდაიცვალა, ყვავილები და სანთლები მიაქვთ.
31 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. ლინას ლინკევიჩუსი "ტვიტერზე" წერს, რომ რომან ბონდარენკოს სიკვდილით "შეძრწუნებულია"
მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს. მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნები და მისი შედეგებია. ბელარუსელი ხალხის დიდი ნაწილი, ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ლუკაშენკომ ხელისუფლება მიითვისა.
ასევე ნახეთ: ლუკაშენკოს რეჟიმის კრიზისი: რა იყო, რა არის და რა იქნება?
3 თვიანი პროტესტი უფრო და უფრო მწვავდება და ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოდის. ქვეყნის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უკვე მეექვსე ინაუგურაცია საიდუმლოდ, დახურულ სივრცეში გამართა. ცერემონიის განმავლობაში, შენობის მიმდებარე ტერიტორია სრულად სპეცრაზმის მიერ კონტროლირდებოდა.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები 25 ოქტომბრის შემდეგ მასშტაბურ გაფიცვებშიც გადაიზარდა. სხვადასხვა ქარხნებმა პროტესტის ნიშნათ მუშაობა შეწყვიტეს, პასუხად კი სამსახურის დაკარგვის მუქარა მიიღეს.
ევროპის "უკანასკენლ დიქტატორად" წოდებული ლუკაშენკო გადადგომას არ აპირებს, მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმუშაოს, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ის არც ვადამდელ არჩევნებს განიხილავს.
შეიძლება ითქვას, ლუკაშენკოს ერთადერთი მხარდამჭერი ამ პროცესებში რუსეთია. სწორედ ვლადიმირ პუტინთან გამართა მან შეხვედრა საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლეთის მწვავე რეაქციის ფონზე
დასავლეთში, ალექსანდრე ლუკაშენკოს ქმედებებს უკვე მოჰყვა სანქციები, რომელიც როგორც მას ასევე იმ მაღალჩინოსნებს დაუწესდათ, რომლებიც ძალადობაში, სისასტიკესა და არჩევნების გაყალბებაში არიან ჩართულნი. ევროკავშირმა დაფინანსება შეუწყვიტა მთავრობას და გამოყოფილი თანხებით სამოქალაქო საზოგადოებაზე გადაანაწილა.
Your browser doesn’t support HTML5
ბელარუსიდან ორი ბრიტანელი დიპლომატი გააძევეს. პასუხად ლონდონმა, 10 ნოემბერს ქვეყნიდან ბელარუსელი დიპლომატები გააძევა და ბელარუსის ელჩი დაიბარა. დიდი ბრიტანეთის თქმით, მას განუმარტეს, რომ რთული ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ხელახალი არჩევნები და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალადობის შეწყვეტაა.