კანადამ ვენესუელის ელჩი ქვეყნიდან გააძევა

დიპლომატიური დაპირისპირება კანადას და ვენესუელას შორის შაბათს დაიწყო. კარაკასმა კანადის ელჩი გრეგ კოვალიკი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. შემდეგ ანალოგიური ნაბიჯი გადადგა კანადამაც და განაცხადა, რომ ქვეყანაში აღარ მიიღებს ომარ ბარიენტოს ფერნანდესს, რომელიც მანამდე ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყნიდან გამოიწვია.

ვენესუელაში კანადის ელჩმა პრეზიდენტ მადუროს უკმაყოფილება იმით გამოიწვია, რომ მან მადუროს გუნდის წევრი დელჩი როდრიგესი „უხეშ და ვულგარულ“ განცხადებებში დაადანაშაულა.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისტია ფრილანდმა განცხადება ამის თაობაზე ორშაბათს გააკეთა. შავ სიაში ასევე შეყვანილია ვენესუელის საელჩოს მეორე მაღალჩინოსანი ანჯელ ჰერერა.