ტრუდო: "ეს იყო ტერორისტული თავდასხმა მუსლიმებზე"

6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა გუშინ კანადის ქალაქ კვებეკის მეჩეთში მომხდარი თავდასხმისას.

პოლიციის სპიკერის ცნობით, ორი ეჭვმიტანილი დაკავებულია. თუმცა პოლიცია დაკავებულებზე ან მათ მოტივებზე დამატებით ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ავრცელებს.

კვებეკის ისლამური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, თავდასხმის დროს მეჩეთში ხალხი წირვისთვის ემზადებოდა, შენობაში სულ 53 ადამიანი იყო.

თავდასხმა დაგმო კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და მას „მუსლიმებზე ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.„მუსლიმი-კანადელები ჩვენი ერის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ და მსგავსი ქმედებების ადგილი ჩვენს ქალაქებსა და ქვეყანაში არ არის,“ განაცხადა ტრუდომ.

იგივე მეჩეთის კარებთან 2016 წლის ივნისში ღორის თავი იპოვეს.