ძაღლებს ყნოსვა ადამიანზე გაცილებით უფრო აქვთ განვითარებული. მათ შეუძლიათ როგორც ჰაერში სხვადასხვა სუნების გარჩევა, ასევე ნაგავში სხვადასხვა ორგანიზმების აღმოჩენა. ახლა კი მეცნიერები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ძაღლებმა კორონავირუსის ყნოსვით ამოცნობაც შეძლონ.
მეცნიერების აზრით, ძაღლების ყნოსვის უნარი ადამიანისაზე 10,000-100,000-ჯერ ძლიერია. მონადირე ძაღლებს კი, სხვა ჯიშებთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად აქვთ განვითარებული ეს უნარი.
მაგალითად, გერმანულ მეცხვარეებს ხშირად დაიხმარენ ხოლმე ასაფეთქებელი საშუალებებისა და ნარკოტიკების აღმოსაჩენად. ძაღლების სხვადასხვა სახეობას წვრთნიან ლაბორატორიებში კიბოს, მალარიისა და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების შარდისა და ნერწყვის დაყნოსვით ამოცნობაზე.
ვაშინგტონის შტატში ცხოველებს წვრთნიან, რათა მათ ამოიცნონ სუნი, რომელიც პარკინსონის დაავადებასთანაა დაკავშირებული. ამ ეტაპზე ამ დეგენერაციული დაავადების დიაგნოსტირებისთის რაიმე ტიპის სამედიცინო ტესტი არ არსებობს. პროგრამის დირექტორი, ლისა ჰოლტი ამბობს: “სანამ ძაღლი შეძლებს პარკინსონის სუნის ამოცნობას, მას კვირების განმავლობაში ჭირდება ტრენინგები და დაახლოებით 400-ჯერ მაინც უნდა შეიგრძნოს ეს სუნი”.
წლების შემდეგ მკვლევართა ჯგუფმა შეძლო შეემუშავებინა მეთოდი, რომლითაც ძაღლები პარკინოსნის დაავადებას ადრეულ სტადიაზე გრძნობენ. პაციენტი ერთსადაიმავე მაისურს რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებს. ნაჭერი სხეულის სუნით იჟღინთება და ის ლაბორატორიაში ბრუნდება, რათა ძაღლებმა დაყნოსონ და გამოარკვიონ მაისურის პატრონს აქვს პარკინსონის დაავადება თუ არა.
კალიფორნიაში, “სიტუ ფაუნდეიშენში” კიბოს დიაგნოსტირების მსგავს ხერხს მიმართავენ. ამ ცენტრის დამფუძნებელი, დინა ზაპირისი ნიმუშებს იყენებს, რათა ძაღლებმა შეძლონ ფილტვისა და მკერდის კიბოს ამოცნობა. მისი თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ “ძაღლები, ბევრად უფრო ზუსტები არიან კიბოს აღმოჩენაში, ვიდრე სკრინინგის ის მეთოდები, რომლებიც ახლა არსებობს”.
ახლა, როდესაც კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, ამერიკამ და ბრიტანეთმა გადაწყვიტეს, რომ ძაღლები, სწორედ კორონავირუსის ამოცნობაზე გაწვრთნან.
პენსილვანიის უნივერსიტეტში მომუშავე ძაღლების ცენტრში, ახლა ლაბრადორ რეტრივერს აძლევენ კორონავირუსით დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანისგან აღებულ ნიმუშებს, რათა გაარკვიონ, შეძლებენ თუ არა ძაღლები ამ ნიმუშების გარჩევას ერთმანეთისგან.
ცენტრის დირექტორმა, სინტია ოტომ, “ამერიკის ხმასთან” საუბარში თქვა: “ძაღლები არ არიან მიჩვეული კორონავირუსის ამოცნობას, ამიტომ ჯერ ძნელია იმის თქმა, გაუჭირდებათ მათ ამის გაკეთება, თუ პირიქით, გაუადვილდებათ.”
მსგავსი ცდა ტარდება ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლაში. ჯეიმს ლოგანი, დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ახლა 6 ძაღლს წვრთნის კორონავირუსის აღმოჩენაზე.
“ვიცით, რომ კოვიდ-19-ის მსგავსი რესპირატორული დაავადებები ცვლის ჩვენი სხეულის სუნს, ასე რომ ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ძაღლები შეძლებენ მის ამოცნობას”, გვიხსნის ლოგანი.
“დიაგნოსტირების ეს ახალი მეთოდი შეცვლის ჩვენს მიდგომას კოვიდ-19-ის მიმართ და შესაძლოა, ძალიან დიდი გავლენაც ჰქონდეს”, ამბობს ის.
კლერ გესტი, დაავადებების აღმომჩენი ძაღლების ცენტრის თანადამფუძნებელია. ის შემდეგს ამბობს: “პრინციპში, დარწმუნებულები ვართ, რომ ძაღლებს შეუძლიათ კორონავირუსის აღმოჩენა. ჩვენ ახლა ვეძებთ უსაფრთხო გზებს, რათა დაავადებული ადამიანის სუნის ნიმუში უსაფრთხოდ ავიღოთ და ის ძაღლებამდე მივიტანოთ”.
გესტი გვიხსნის, რომ, თუ ეს მეთოდი გაამართლებს, მაშინ ძაღლები შეძლებენ ნებისმიერი შეამოწმონ. მათ შორის ისინიც, ვისაც სიმპტომები არ აქვს. “ეს იქნება სწრაფი და არაინვაზიური მეთოდი”, ამბობს ის.
ტესტირებებისა და ვაქცინის ძებნის პარალელურად, ძაღლების ძალიან მგრძნობიარე ცხვირები, შესაძლოა კორონავირუსთან ბრძოლის კიდევ ერთი და თან ეფექტური მეთოდი აღმოჩნდეს. ძაღლები შესაძლოა კორნავირუსის აღმოსაჩენად საავადმყოფოებში, აეროპორტებსა და კომერციულ დაწესებულებებში მალე გამოჩნდნენ.