კონგრესის შუალედური არჩევნების ფინანსური მხარე

ამერიკის შუალედური არჩევნები ახლოვდება. დემოკრატებმა ფულადი შემოწირულობებით მათ მეტოქეს, რესპუბლიკურ პარტიას გაუსწრეს. მიმომხილველები ამბობენ, რომ შესაძლოა დემოკრატების წარმატებული „ფანდრაიზინგის“ უკან ტრამპის საწინააღმდეგო სენტიმენტები იყო. დემოკრატები შუალედურ არჩევნებზე შეეცდებიან კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ორპალატიანი დომინაცია დაანგრიონ. 2018 წლის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე „ძვირი“ არჩევნებია ამერიკის კონგრესის ისტორიაში.

ფედერალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კონგრესისთვის ბრძოლაში კანდიდატებმა 2.3 მილიარდი დოლარი ოდენობის დაფინანსება მოიპოვეს. დემოკრატებმა 400 მილიონით მეტი შემოწირულობა მოიპოვეს, ვიდრე მათმა რესპუბლიკელმა კოლეგებმა.

„ფაქტი, რომ დემოკრატები რესპუბლიკელებს უსწრებენ გულისხმობს, რომ ისინი კარგად დაფინანსებული ოპონენტები იქნებიან“, - ამბობს სარა ბრინერი რეაქტიული პოლიტიკის ცენტრის კვლევების დირექტორი.

პოლიტიკური გაერთიანებებიდან მიღებული შემოსავლით რესპუბლიკელები დემოკრატებს უთანაბრდებიან. თუმცა, დემოკრატებმა რესპუბლიკელები ინდივიდუალური შემოწირულობების ნაწილში ჩამოიტოვეს, იქნება ეს ინტერნეტით თუ კამპანიის ღონისძიებებზე მიღებული შემოსავლით.

დაფინანსების უმეტესი ნაწილი სატელევიზიო დროის შესყიდვას ხმარდება -ეს ჯერ ისევ რჩება კანდიდატების რჩეულ გზად ამომრჩევლამდე ხმის მისატანად.

მარტინ ფროსტი ყოფილი კონგრესმენია და ის კონგრესის დემოკრატიული კამპანიის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

„ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ძვირი ჯდება ტელევიზიის საფასურის გამო“, - ამბობს ის.

ფროსტი ამბობს, რომ დემოკრატების მიერ ფინანსების მოზიდვაში წარმატება კამპანიის გარშემო არსებულ ენთუზიაზმს უკავშირდება.

„...ამერიკაში ბევრი დემოკრატია, ბევრი მათგანი პატარა შემოწირულობას გასცემს, მათ ტრამპი ძალიან არ მოსწონთ და ამ არჩევნებით სურთ ეს მესიჯი გაახმოვანონ“, - აცხადებს ფროსტი.

დემოკრატების წარმატებამ რესპუბლიკელები დააფიქრა იმაზე, რომ საჭიროა კამპანიის დაფინანსების სტრატეგიას გადახედონ. ისინი სუსტი კანდიდატების დაფინანსების ნაცვლად, რესურსებს უფრო კონკურენტუნარიან შეჯიბრებში დებენ.

მაიკლ სტილი, რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მხოლოდ ფული არ განაპირობებს გამარჯვებას.

„ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ფული მთავარია და ფინანსებს მიიჩნევენ, როგორც ამერიკის პოლიტიკის დემონს. თუმცა მე ვიტყოდი, რომ შემთხვევები, როცა მეტი თუ ნაკლები შემოსავლის კანდიდატი იგებს, თითქმის თანაბარია“, - ამბობს სტილი.

დემოკრატებს, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად, დამატებით 23 ადგილის მოპოვება ესაჭიროებათ. მიმომხილველები ამბობენ, რომ ამის შანსი დიდია.

თუმცა, დემოკრატების იმედი, რომ სენატში გამარჯვებისთვის მიეღწიათ - ამ ეტაპზე არც თუ იმედიანად გამოიყურება.