კემბრიჯის უნივერსიტეტი მთლიანად ონლაინ სწავლებაზე გადადის 2021 წლის ზაფხულამდე

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მთელი აკადემიური წლით ონლაინ სწავლებაზე გადადის. კემბრიჯი უნივერსიტეტებს შორის პირველია, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის პანდემიის აფეთქების გამო, მთელი წლით მიიღო.

უნივერსიტეტმა სტუდენტები კოვიდ-19-ის მარტში მას შემდეგ დაითხოვა, რაც ბრიტანეთში კარანტინი გამოცხადდა. დღეს კი გახმაურდა გადაწყვეტილება, რომ მთელი მომავალი სასწავლო წელი, 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ზაფხულამდე, კემბრიჯი ლექციებს მხოლოდ ონლაინ ჩაატარებს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სასწავლო პროცესი, სიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში პირისპირაც გაიმართოს, ოღონდ - მცირერიცხოვან ჯგუფებში. "რეალისტურები უნდა ვიყოთ... პანდემიამ ცვლილებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვია... აქ, ისევე როგორც ყველგან, საუნივერსიტეტო ცხოვრებასაც ადაპტირება უწევს" - ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი სტივენ ტუპე.

გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს ვითარების შეცვლის პარალელურად. მაგრამ ამ ეტაპზე, "იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დისტანცირების მოთხოვნა ძალაში დარჩება, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირისპირ ლექციები მომდევნო აკადემიური წლის მანძილზე აღარ ჩატარდება" - ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება.

მსგავსი გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებში კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც მიიღო, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ შემოდგომის სემეტრისთვის, 2021 წლის ზამთრამდე. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი ამ დასკვნამდე სარს-კოვ-2 ვირუსის მეორე ტალღის სიფრთხილის გამო მივიდნენ.