შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე ისტორიულად ერთ-ერთი უძლიერესი ხანძარი მძვინვარებს. კალიფორნიის ველურ ბუნებაში გაჩენილი ხანძრების ჩასაქრობად, კვირას მობილიზაცია გამოცხადდა. ქვეყნის ყველა კუთხიდან შტატისკენ სამხედრო თვითმფრინავები და ეროვნული გვარდიის ნაწილები დაიძრნენ.
კალიფორნიაში ამ დღეებში ათეულობით მასშტაბური და 600-მდე მცირე ზომის ხანძრის კერა დაფიქსირდა. აქედან ორი, რომელიც სან-ფრანცისკოს ყურეში მძვინვარებს, შტატის ისტორიაში სიდიდით მეორე და მესამე ყველაზე ძლიერი ხანძარია, მას შემდეგ, რაც ხანძრების აღრიცხვა დაიწყო. ტერიტორიიდან 200 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
ბოლო კვირაში, შტატში გაჩენილი ხანძრების გამო, სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი ნაგებობა დაიწვა. კვამლმა კალიფორნიის ჩრდილოეთში ცა იმდენად დაფარა, რომ ის რამდენიმე შტატის მიღმა ჩანდა.