ნიუ იორკში სხვადასხვა ეროვნებებს შორის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაიხსნა

ნიუ იორკში სხვადასხვა ეროვნებებს შორის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაიხსნა

ნიუ იორკში ახლახან გახსნილი მუზეუმი ბრუკლინში სხვადასხვა ეროვნებებს შორის თანამშრომლობას მიეძღვნა

ნიუ იორკის ეთნიკური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ბრუკლინში პატარა მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი მიეძღვნა იმ მშვიდობის აქტივისტების მოღვაწეობას, რომლებმაც კრაუნ ჰაიტსის (Crown Heights) უბანში სხვადასხვა ეროვნებებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში თავისი წვლილი შეიტანეს. 1991 წელს ამ უბანში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, როცა აფრიკული და კარიბული წარმოშბის ამერიკელები ორთოდოქს ებრაელებს დაუპირისპირდნენ.

მშვიდობის მულტიკულტურული მუზეუმის კედლებზე აფრიკული წარმოშობის ამერიკელისა და ნიუ იორკის მუნიციპალური კომიტეტის წევრის ჯეიმს დევისის სურათები ჰკიდია. მან ორგანიზაცია „გიყვარდეს შენი თავი/შეაჩერე ძალადობა“ (Love Yourself Stop Violence) დაარსა. მუზეუმიც სწორედ მის სახელს ატარებს.

უბნის დიდი ხნის მცხოვრებლის ბეტი ბოგანის თქმით, ეგრეთწოდებულ „კრაუნ ჰაიტსის არეულობაში“ უბნის აფრიკული და კარიბული წარმოშობის სათვისტომოს წევრთა დიდი ხნის მანძილზე დაგროვებული უკმაყოფილება გაომიხატა. მისი თქმით, ისინი გრძნობდნენ, რომ უბანში იჩაგრებოდნენ და დისკრიმინაციას განიცდიდნენ ებრაული ბიზნესების მხრიდან. მაგალითად, სასწრაფო დახმარების კერძო სამსახური უბნის მოსახლეობის მხოლოდ ებრაულ ნაწილს ემსახურებოდა.

„ახალგაზრდებმა სიტუაციაზე კონტროლი ხელში აიღეს. თავისი მოქმედებით მათ გამოხატეს ის უპატივისცემლობა, რომელსაც ისინი გრძნობდნენ,“ აღნიშნა ბეტი ბოგანმა.

ჯეფრი დევისი, რომელმაც მუზეუმი დაარსა, ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაწეული ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა „უსაფრთხო ქუჩების“ პარტნიორობა, რომელშიც ნიუ იორკის პოლიცია, აფრიკული და კარიბული სათვისტომოების წარმომადგენლები, და მოხალისეებისგან შემდგარი საპატრულო სამსახური მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებული საპატრულო სამსახური 1991 წლის არეულობამდე მხოლოდ ებრაელებისგან შედგებოდა, მაგრამ ახლა მასში სხვადასხვა წარმოშობის პირები გაწევრიანებულები არიან.

დევისი კრაუნ ჰაიტსის მოლაპარაკებების ცენტრით განსაკუთრებულად ამაყობს. ეს პროექტი უბნაში მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის კრაუნ ჰაიტსის ებრაული სათვისტომოს საბჭოს, ინიციატივით ჩამოყალიბდა. ცენტრის მეოხებით უბანში მცხოვრები სხვადასხვა წარმოშობის პირები ერთმანეთთან თანამშრომლობენ კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით. ამას გარდა ცენტრში რეგულარულად ტარდება მეწარმეობასთან და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული სემინარები.

უბნის თავკაცებისთვის ჯგუფებს შორის დიალოგი და თანამშრომლობა შეიძლება აუცილებელი იყოს, მაგრამ ამ პროცესში უბრალო ხალხის ჩართვა მოთმინებას მოითხოვს, აღნიშნავს ორთოდოქსი ებრაელი რუევენ ლიპკინდი, რომელიც ნიუ იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოში კრაუნ ჰაიტსის აფრიკული წარმოშობის სენატორის თანაშემწეა. მისი თქმით სხვადასხვა ჯგუფების დაახლოებას ხშირად ახალგაზრდული ინიციატივები უწყობდა ხელს. ლიპკინდი აღნიშნავს, რომ კრაუნ ჰაიტსის მცხოვრებლნი თანდათან იგებენ იმას, რომ მათ შორის უფრო მეტი საერთოა ვიდრე სხვაობა.