ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მანამდე ის ესტონეთს ესტუმრა, საქართველოდან კი მონტენეგროში გაემგზავრება. საქართველო ამ ვიზიტის ფარგლებში ერთადერთი ნატოს არაწევრი სახელმწიფოა, რომელშიც ვიცე-პრეზიდენტი პენსი პირველად ჩადის.
ის ამერიკელი ექსპერტებიც კი, რომლებიც ნატო-ს გაფართოებას უახლოეს მომავალში შესაძლებლად არ მიიჩნევენ, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი გზავნილია საქართველოსთვის, სწორედ, როგორც ალიანსის არაწევრი სახელმწიფოსთვის.
ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრიანაში სტივენ პაიფერი ამბობს, რომ ეს ვიზიტი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნატო-ს წევრი ქვეყანა, ამერიკის შეერთებულ შტატებს მის მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს. ეს ვიზიტი ასევე აჩვენებს, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობებია“, ამბობს პაიფერი ჩვენთან საუბრისას. ის ასევე დასძენს, რომ ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები სჭირდება:
„მანამდე, სანამ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ვფიქრობ, რომ ამერიკასა და ევროპულ სახელმწიფოებს შუძლიათ შეინარჩუნონ ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან, რაც იქნება მხარდაჭერა ქვეყნისთვის, რომელიც კვლავ იქნება რუსეთის მხრიდან გარკვეული წნეხის ქვეშ“, ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში.
ბრუკინგსის ინსტიტუტის კიდევ ერთი უფროსი მკვლევარი მაიკლ ოჰანლონი მიიჩნევს, რომ ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დადებითი მოვლენაა.
„მიხარია, რომ ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია. ამერიკა-საქართველოს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა. აღტაცებული ვარ იმით, რასაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიის კუთხით. მას დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში, მაგალითად ავღანეთის მისიაში“, უთხრა „ამერიკის ხმას“ ოჰანლონმა.
მკვლევარი ფიქრობს, რომ მაიკლ პენსის ვიზიტი საქართველოს მიმართ ამერიკის ძლიერ ინტერესზე მიუთითებს. „ვფიქრობ, რომ ნამდვილად საჭიროა მკაფიო გზავნილი: რომ ჩვენ გვაღელვებს რა მოხდება საქართველოში“. პაიფერი განმარტავს, რომ 2008 წლის ნატოს სამიტზე მიღებულმა დეკლარაციამ, რომლითაც გაცხადდა, რომ საქართველო მომავალში ნატოს წევრი გახდებოდა, ქვეყანა რუსეთის აგრესიის მიმართ კიდევ უფრო დაუცველი გახადა, რადგან ამ განცხადების მიუხედავად, ნატოს არ შეუძლია ქვეყანა სამხედრო ძალით დაიცვას, ეს კი ვლადიმირ პუტინისთვის მიუღებელობის განცდას აჩენს და კონფლიქტის ალბათობას ზრდის.
“ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გამოინახოს გზები, რომლებიც მისაღები იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის, რადგან სიტუაცია, რომელიც ახლა გვაქვს, ნამდვილად არ არის კარგი. ჩვენ არ გვაქვს კარგი პასუხი, რეალურად ჩვენ უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ უარესი არ მოხდება და ვართ პოზიციაში, როდესაც არ შეგვიძლია ოკუპაციას სამხედრო ძალით ან სხვაგვარი მნიშვნელოვანი გზით ვუპასუხოთ. ასე რომ, ის დინამიკა, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეიქმნა, ფაქტია, რომ კარგად არ მოქმედებს“, ამბობს ოჰანლონი.
1 აგვისტოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. მაიკლ პენსი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და მასთან ერთად დაესწრება საქართველოში მიმდინარე ნატოს სამხედრო წვრთნის „ღირსეული მოკავშირის" სავარჯიშოებს და შეხვდება წვრთნების მონაწილეებს.
ვიზიტის ფარგლებში მაიკ პენსი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერსაც შეხვდება. მათ შორის იქნებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.