ბრიტანეთის ხელისუფლების ახალი ანგარიშის თანახმად, ინგლისის შავკანიანი, აზიელი და სხვა ეთნიკური წარმოშობის მოსახლეობის წარმომადგენლების გარდაცვალება კოვიდ-19-ით ინფიცირების შემდეგ ორჯერ უფრო მეტად სავარაუდო და მოსალოდნელია, ვიდრე თეთრკანიანი მოსახლეობის წარმომადგენლებისა.
სამთავრობო უწყების, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ამ ანგარიშის თანახმად, ყველაზე მოწყვლადი და ყველაზე დიდი რისკის ქვეშ ბანგლადეშში დაბადებული მოქალაქეები არიან. მათი გარდაცვალების რისკი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თეთრკანიანი ბრიტანელი მოქალაქეებისა. რაც შეეხება ჩინელ, ინდოელ, პაკისტანელ და სხვა, აზიური წარმოშობის მოქალაქეებს, ისევე როგორც კარიბის ზღვის აუზისა და შავკანიან ადამიანებს, მათ ახალი კორონავირუსით გარდაცვალების შანსები 10-50 %-ით უფრო მაღალია.
ასევე ნახეთ: დიდ ბრიტანეთში უმუშევრობა რეკორდულად გაიზარდაგაზეთი "თაიმსი" წერდა, რომ ანგარიში ამ თვის დასაწყისში უკვე მზად იყო, თუმცა მისი გამოქვეყნება ხელისუფლებამ ქვეყანაში მიმდინარე "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" კამპანიის გამო გადადო, რათა ამას დაძაბულობა კიდევ უფრო მეტად არ გაემწვავებინა. მაგრამ ხელისუფლება ამ ცნობებს არ ადასტურებს.
ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰანკოკმა განაცხადა, რომ კიდევ მეტი კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, თუ რა იწვევს ან ამწვავებს ამ უთანასწორობას: "უნდა გავიგოთ, რა იწვევს ამ განსხვავებებს და როგორ მოქმედებს განსხვავებული რისკ-ფაქტორები. ჩვენ ნამდვილად მონდომებულნი ვართ და გადაწყვეტილი გვაქვს ამ პრობლემის ძირეული გამოკვლევა და ამ განსხვავების შემცირების გზების პოვნა", - ამბობს ჰანკოკი.
ბრიტანეთი გამონაკლისი არ არის. ამ კვლევის შედეგები მსგავსია მანამდე შეერთებულ შტატებში და ფინეთში ჩატარებული კვლევებისა. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს განსხვავება სოციალური უთანასწორობითა და კულტურული განსხვავებებითაა განპირობებული. ზოგი კი ამბობს, რომ შესაძლოა ამ უმცირესობების წარმომადგენლებს განსხვავებული გენეტიკური მახასიათებლები აქვთ, რომლებიც მათ დაავადებისადმი მეტად მოწყვლადს ხდის.
დოქტორი მუჰამედ მუნირი, ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიომედიცინის პროფესორი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საკუთარ გამოცდილებაზე და წარმოშობით სამხრეთ აზიელ მოქალაქეებზე საუბრობს და ამ თემის წარმომადგენელთა სოციალურ სტატუსზე ამახვილებს ყურადღებას. გარდა ამისა, თემის ზოგიერთი წარმომადგენელი რამდენიმე თაობის წევრთან, დიდ ოჯახებთან ერთად ცხოვრობს და ამ და სხვა მიზეზებით გამორჩეულად მეტი რისკის ქვეშაა.