გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვინაობა სულ რამდენიმე დღეში, 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. 6 სექტემბერს კი პრემიერს დედოფალი ელისაბედ მეორე დანიშნავს.
ბუკინგემის სასახლის განცხადებით, დედოფალი წელს ტრადიციას დაარღვევს. 6 სექტემბერს ის როგორც ბორის ჯონსონს, ისე ახალ პრემიერს არა ლონდონში მდებარე ბუკინგემის სასახლეში, არამედ შოტლანდიაში, ბალმორალის კოშკში უმასპინძლებს. 96 წლის მონარქს რამდენიმე თვეა გადაადგილების პრობლემა აქვს, ის ზაფხულს შოტლანდიაში ატარებს. განცხადება დღეს ბუკინგემის სასახლის პრესსპიკერმა გაავრცელა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერის პოსტისთვის მიმდინარე ორთაბრძოლაში ლიზ ტრასი - საგარეო უწყების ხელმძღვანელი და რიში სუნაკი - ყოფილი ფინანსთა მინისტრი არიან ჩართული. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის გამოკვეთილად ლიდერობს ლიზ ტრასი.
ბრიტანეთის მონარქი ქვეყნის მეთაურად ითვლება. ტრადიციულად, ის ახალ პრემიერს ბუკინგემის სასახლეში გამართული აუდიენციის შემდეგ ნიშნავს. დედოფალმა ელისაბედმა მეფობის განმავლობაში ბრიტანეთის 14 პრემიერი დანიშნა.