ხუთშაბათს, ათასობით ბრიტანელმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, რომელიც ცოტა ხნის წინ, ქვეყნის ეროვნული გმირი გახდა 100 წლის იუბილე მიულოცა. ბრიტანული არმიის ყოფილმა ოფიცერმა, კაპიტანმა ტომ მურმა, საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო და ქვეყნის ჯანდაცვისთვის $37 მილიონის ოდენობის სახსრების მოზიდვა შეძლო. მურს თავდაპირველად, ჯანდაცვის სამსახურისთვის, მხოლოდ 1,000 გირვანქა სტერლინგის შეგროვება სურდა.
ქირურგიული ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ და მანამდე, კიბოს მკურნალობისთვის, მურს უბრალოდ სურდა ეროვნული ჯანდაცვის მუშაკებისთვის, მისთვის გაწეული სამსახურის გამო, მადლობა გადაეხადა. მან ერთგვარი გამოწვევა მოიფიქრა და თქვა, რომ ნაოპერაციევი ფეხით მისი ასი წლის იუბილემდე, თავის 25-მეტრიან სახლს 100-ჯერ შემოუვლიდა და თანხის შეგროვება დაიწყო.
მილიონების შეგროვებას, არმიის კაპიტანი ტომი ნამდვილად არ ელოდა. თანხების მოზიდვის ონლაინ კამპანია, დაწყების დღიდან ძალიან პოპულარული გახდა. მასში ბრიტანეთის სამეფო ოჯახმაც კი მიიღო მონაწილეობა და მოგვიანებით, მოხალისეები სხვა ქვეყნებიდანაც ჩაერთნენ.
30 აპრილს, დაბადების დღეზე, სამეფო საჰაერო ძალებმა მის სახლთან სამხედრო თვითმფრინავების დემონსტრაციული გაფრენა მოაწყო. ტომ მურმა მთელი მსოფლიოდან ასობით ათასი მილოცვა მიიღო. მათ შორის ვინც ვეტერანს დაბადების დღე მიულოცა იყვნენ პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, პრინცი ჩარლზი და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი.
დედოფლის თანხმობით, ბრიტანეთის არმიამ მას საპატიო პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. კაპიტან ტომს ასევე თავიდან გადასცეს მედალი სამხედრო სამსახურისთვის, რომელიც მას დაკარგული ჰქონდა.
ტომ მური გინესის წიგნშიც მოხვდა. მან მსოფლიო რეკორდი მოხსნა საქველმოქმედო აქციისთვის ინდივიდუალური სიარულით ყველაზე დიდი თანხის შეგროვებისთვის.
ვეტერანმა გუშინ თქვა, რომ ძალიან მადლიერია ამდენი მილოცვის მიღებისთვის და საპატიო პოლკოვნიკად დაწინაურების გამო.
"მე მაინც კაპიტანი ტომი ვარ, იმიტომ რომ ესაა ის, რაც სინამდვილეში ვარ. თუმცა, თუ ხალხი პოლკოვნიკს დამიძახებს, ამისთვისაც მადლიერი ვიქნები" - თქვა ტომ მურმა თავის დაბადების დღეზე.
კაპიტანი მური მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. ომის დროს ის ინდოეთსა და ბირმაში მსახურობდა.