ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მაღალი რანგის თანამშრომლობის რამდენიმე პროგრამის შეჩერება გადაწყვეტილია - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრეს ნიუსს" ინტერვიუში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა აცნობა.
ბრიტანელი დიპლომატი ამბობს, რომ პირველად, 10 წლის განმავლობაში - ანუ დაარსების დღიდან - ბრიტანულმა მხარემ გადაწყვიტა გაეყინა თბილისთან ე.წ. "უორდროპის დიალოგი, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მრავალ საკითხს მოიცავს, მათ შორის საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხების თაობაზე. პირველი ყოველწლიური შეხვედრა 2014 წელს ლონდონში გაიმართა.
"ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა", - ამბობს გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება პროდასავლურ კურსს დაუბრუნდება და მხარეებს შორის ნდობა აღდგება.
ასევე ნახეთ: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზე - გზავნილები ბრიუსელიდან„მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებდით საქართველოს მედეგობის გაძლიერების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის, მაგრამ გასული წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განსხვავებული კურსი არჩია... დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა", - აცხადებს ბრიტანელი დიპლომატი და განმარტავს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებების მიზეზებს შორის იყო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და დასავლელი პარტნიორების დადანაშაულება, ასევე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირების გაცემა.
ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა.
ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.