ბრიტანეთ-საფრანგეთის ხელშეკრულებები თავდაცვის სფეროში

ბრიტანეთ-საფრანგეთის ხელშეკრულებები თავდაცვის სფეროში

საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად ორი ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გაზრდის. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი სელა ჰენესი ლონდონიდან იუწყება, მხარეები ერთობლივი სწრაფი რეაგირების სამხედრო ძალებს შექმნიან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზიმ და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა ლონდონში ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე ბატონმა კამერონმა გაფორმებულ შეთანხმებებს ისტორიული ნაბიჯი უწოდა.

„დღეს ჩვენ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორიაში ახალ ეტაპს ვიწყებთ,“ განაცხადა დევიდ კამერონმა.

მან აღნიშნა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთობლივ საექსპედიციო სამხედრო შენაერთებს შექმნიან და ავიამზიდებს ერთობლივად გამოიყენებენ. ამას გარდა მხარეებმა ბირთვული ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც ბრიტანეთში ბირთვული ტექნოლოგიის განვითარების ცენტრისა ხოლო საფრანგეთში ბირთვული ტექნოლოგიის საცდელი ცენტრის გახსნას ითვალისწინებს.

დევიდ კამერონის თქმით:

„ამ ძალისხმევის შედეგი იქნება ის, რომ გლობალური არასტაბილურობის ფონზე ჩვენი მოქალაქეები უფრო უკეთ დაცულები იქნებიან. ამას გარდა ეს ჩვენ თავდაცვითი პოტენციალის შენარჩუნებისა და გაძლიერების შესაძლებლობას მოგვცემს მაშინ როცა ჩვენს ეროვნულ ბიუჯეტს სერიოზული გამოწვევები ემუქრება.“

ლონდონის ეკონომიკური სკოლის სამხედრო საკითხების ექსპერტს ჯონ კენტს მიაჩნია, რომ გაფორმებული ხელშეკრულებები თავდაცვით სფეროში დანახარჯების შემცირების აუცილებლობით არის ნაკარნახევი.

„ამგვარად ჩვენ გადავჭრით იმ პრობლემას, რომელიც ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან მოგვყვება ანუ ის, რომ თავდაცვით სფეროში მზარდ დანახარჯებთან გამკლავება ამ სფეროში ცალმხრივი ან ორმხრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე შეუძლებელია. მაშასადამე ჩვენ ერთდროულად დანახარჯებსაც შევამცირებთ და რთული გადაწყვეტილებების მიღებას თავიდან ავირიდებთ,“ აღნიშნა ჯონ კენტმა.

ორი კვირის წინ ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ეროვნული დეფიციტის შემცირების მიზნით ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი შემცირებები მოხდება.

კენტი აღნიშნავს, რომ საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის დადებული ხელშეკრულებები ევროპის კონტინენტზე ამგვარი დოკუმენტების გაფორმების მომასწავებელი როდია.

„მე ძალიან გამიკვირდება თუ ეს იქნება პირველი ნაბიჯი სხვა სახელმწიფოებს შორის უფრო ფართო გარიგებების გაფორმების მიმართულებით რადგან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის, თავდაცვითი საკითხების მიმართ მიდგომისა და თავდაცვითი შესაძლებლობების მხრივ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ძალიან ბევრი საერთოა,“ დასძინა კენტმა.

ბრიტანეთი და საფრანგეთი დიდი ხნის მოკავშირეები არიან, მაგრამ ამ სახელმწიფოების პოლიტიკური და სამხედრო ამოცანები ყოველთვის შეთანხმებული როდი იყო. მაგალითად 2003 წელს ბრიტანეთისგან გასხვავებით საფრანგეთმა ერაყში სამხედრო ინტერვენციაზე უარი თქვა.