ტერეზა მეი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტს მიმართავს. ორშაბათს კანონმდებლებმა ევროპის კავშირის დატოვების, ე.წ. ბრექსიტის პროცედურის დაწყებას მისცეს ხმა.
ფორმალურად პრემიერი ჯერ კიდევ ელოდება დედოფალ ელისაბედის თანხმობას, რომელიც შესაძლოა დღესვე მიიღოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ტერეზა მეი ევროკავშირს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ აცნობოს. აღნიშნული მუხლი წევრი სახელმწიფოს მიერ ევროპის კავშირის დატოვების პროცედურებს განსაზღვრავს.
პრემიერის პრესსპიკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ ტერეზა მეი გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას მარტის ბოლომდე არ გეგმავს. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს “გაყრა” ევროკავშირთან ხანგრძლივი პროცესი იქნება და ექსპერტების შეფასებით, საშუალოდ, ორ წელს გასტანს.