ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ მოახერხა კონსერვატიულ პარტიაში იმ ოპონენტების დამარცხება, რომლებიც მის გადადგომას ითხოვდნენ. ოპონენტები ევროკავშირთან მეის მიერ მოლაპარაკებულ „ბრექსიტის“, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების, გეგმავს აპროტესტებენ. თუმცა მეის ახლა ევროკავშირის იმ ქვეყნებთან მოუწევს გამკლავება, რომლებიც გაერთიანებიდან ბრიტანეთის გასვლასთან ერთად, ლონდონისგან მეტ დათმობებზე წასვლას მოითხოვენ.
ერთ-ერთი ასეთი წევრი ესპანეთია. მადრიდი ევროკავშირის და ბრიტანეთის შეთახნმების ჩაშლით იმუქრება, გიბრალტარის სტატუსზე უთანხმოების გამო. გიბრალტარი, ესპანეთის სამხრეთში მდებარე ტერიტორიაა, რომელიც ატლანტის ოკეანის და ხმელთაშუა ზღვის გასაყარზე მდებარეობს. გიბრალტარზე კონტროლი ბრიტანეთმა 1713 წელს ესპანური მემკვიდრეობისთვის ომის შედეგად მოიპოვა. ესპანეთი ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს.
ტერეზა მეი ბრიუსელში მოლაპარაკებებს მართავს. ესპანეთმა განაცხადა, რომ თუ სტატუსზე შეთახანმება არ მოხდება ის ბრიუსელსა და ლონდონს შორის შეთანხმებას დაბლოკავს.
მადრიდს სურს შეთანხმებით განისაზღვროს, რომ გიბრალტარის სტატუსი ესპანეთსა და ბრიტანეთს შორის „ცალკე მოლაპარაკებების“ საგანი იქნება და არა „ბრექსითის“ შეთანხმების ნაწილი. მადრიდი შიშობს, რომ შეთანხმებამ შესაძლოა გიბრალტარზე ბრიტანეთის იურისდიქცია ოფიციალურად დაადასტუროს.
ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ამ დრომდე 585 გვერდიან „გაყრის“ შეთანხმებაში და არც თანდართულ დოკუმენტაციაში გიბრალტარი, როგორც ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის გადასაწვეტი საკითხი, მოხსენიებული არ არის.
„ეს უნდა იქნას მოლაპარაკებული ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. არსებული ფორმით [ესპანეთის] მთავრობა „ბრექსიტის“ შეთანხმების წინააღმდეგ მისცემს ხმას“, - განაცხადა სანჩესმა.
გიბრალტარზე იურისდიქციის საკითხი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ემოციურ ფონს ქმნის. ესპანეთი გიბრალტარზე საკუთარი სუვერენიტეტის გავრცელებას ითხოვს. გასულ წელს, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა მაიკლ ჰოვარდმა განაცხადა, რომ განხეთქილებამ შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ომამდეც კი მიგვიყვანოს.
ესპანეთის მიერ ვეტოს მუქარამ ლონდონის შეშფოთება გამოიწვია. ბრიტანეთი ესპანეთს შანტაჟში დებს ბრალს. თუმცა მადრიდი უკან არ იხევს და არც შოტლანდიური ნაციონალიზმის წახალისებას ერიდება. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა აღნიშნა, რომ თუ შოტლანტია დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას გააგრძელებს და ევროკავშირში გაწევრიანებას შეეცდება, ესპანეთი მას მხარს დაუჭერს. ამ დრომდე ესპანეთის, საკუთარი სეპარატისტულად განწყობილი რეგიონებიდან გამომდინარე, შოტლანტიის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა.
ევროკავშირის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ბრიუსელსა და ლონდონს შორის შეთანხმების მოლაპარაკების ფარგლებში გიბრალტარის სტატუსის გადაწვეტასაც მოახერხებენ.
ბრიტანეთის მიერ ევრო-გაერთიანების დატოვების შეთანხმებას ევროკავშირის ლიდერები კენჭს კვირას უყრიან. შეთანხმებით ბრიტანეთი რჩება ევროკავშირის საბაჟო კავშირის წევრად, რომელიც იმპორტის და ექპორტის საკითხებს განსაზღვრავს, მანამ სანამ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ იქნება მოლაპარაკებული.
თუმცა ცოტა თუ ფიქრობს, რომ შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტში მხარდაჭერას მოიპოვებს. ამ დრომდე, ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებული შეთანხმებით საკუთარი უკმაყოფილება ღიად გამოხატეს.
ესპანეთის გარდა შეთანხმებას ასევე აკრიტიკებენ საფრანგეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია. ამ სამ ქვეყანას სურს რომ განსაზღვრულ იქნას თევზჭერის საკითხები. ხოლო, ევროკავშირის სხვა წევრები საუბრობენ იმაზე, რომ შეთანხმება ბრიტანეთს ეკონომიკურ შედარებით უპირატესობას აძლევს. მათი თქმით თუ ბრიტანეთზე არ გავრცელდება ევროკავშირის რეგულაციები, იქნება ეს გარემოს დაცვითი სტანდარტების თუ შრომითი უფლებების კუთხით, ეს ბრიტანული პროდუქტის ფასს დაწევს და სხვა ქვეყნებს ეკონომიკურ დანაკარს მოუტანს.
ტერეზა მეი დილემის წინაშეა. თუ ეს ქვეყნები მიაღწევენ საწადელს და ბრიტანეთი ვერ დააღწევს თავს ევროკავშირის რეგულაციებიდან, ეს ტერეზა მეის მცდელობას მოიპოვოს კანონმდებლების მხარდაჭერა პარლამენტში შეთანხმების გასატანად, ხელს შეუშლის.