ბრაზილიაში 24 საათში კოვიდ-19-ით ინფიცირების 34,918 შემთხვევა დაფიქსირდა

ბრაზილიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში 24 საათში 34,918 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 900,000 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ კრიზისის სერიოზულობა უარყო და ბიზნესებს გახსნისკენ მოუწოდა. მისი ადმინისტრაციის უფროსმა ვალტერ ბრაგა ნეტომ სამშაბათს თქვა, რომ „ეს კრიზისია, გარდაცვლილთა ოჯახებს ვუთანაგრძნობთ, თუმცა მას ვუმკლავდებით“.

„ბრაზილიაზე რეგიონის შემთხვევების 23 პროცენტი და გარდაცვალების 21 პროცენტი მოდის და ვერ ვხედავთ გადაცემის შენელებას“, - ამბობს ლათინური ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორი კარისა ეტიენი. „შემთხვევები თითქმის ყველა ლათინურ-ამერიკულ და ზოგიერთ კარიბის ზღვის ქვეყანაში იზრდება“, - თქვა მან.

ვითარება რთულია ასევე პერუშიც, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 7000-ს მიაღწია.

ცოტა ხნის წინ ჩინეთმა, პეკინში ხელახალი შეზღუდვები შემოიღო მას შემდეგ რაც ქალაქში 137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პეკინმა შიდა ფრენები გააუქმა და სოციალური დისტანცირების გამკაცრებული რეჟიმი შემოიღო.