პირველად მექსიკის ყურეში წყალქვეშა ჭაბურღილზე მომხდარი ავარიიდან მოყოლებული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ბი-პი“-ს ხელმძღვანელობა და ფედერალური მთავრობის ოფიციალური პირები გამოთქვამენ იმედს, რომ ისინი დაზიანებული ჭაბურღილიდან ნავთობის გაჟონვის შეწყვეტას შესძლებენ. ეს ოპტიმიზმი განპირობებულია იმით, რომ ორშაბათს ჭაბურღილზე დაამონტაჟეს ახალი სარქველი.
ნავთობმომპოვებელი კომპანია „ბი-პი“-ს ხელმძღვანელობა და ფედერალური მთავრობის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ორშაბათს დამონტაჟებული ახალი სარქველი საიმედოდ დალუქავს ჭაბურღილს.
სამშაბათს მათ დაიწყეს იმის გამოკვლევა, თუ რამდენად გაუძლებს დაზიანებული ჭაბურღილიდან მჟონავი ნავთობის მზარდ წნევას ახალი სარქველი.
ეროვნულ საგანგებო მდგომარეობათა სამსახურის ხელმძღვანელმა თად ალენმა განაცხადა:
„ამას ჩვენ გავარკვევთ ბოლო 6, 24 და 48 საათის მანძილზე წნევის გაზომვის მეოხებით. ამ მონაცემების საფუძველზე ჩვენ უფრო უკეთესად გვეცოდინება არა მხოლოდ წნევის მაჩვენებელი, არამედ ჭაბურღილის მდგომარეობა და ნავთობის გაჟონვის სიჩქარეც."
ალენის თქმით, თუ სარქველმა გაუძლო მაღალ წნევას დიდი ხნის მანძილზე, მაშინ ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ შესაძლებელი იქნება გაჟონვის მთლიანი შეჩერება.
წნევის გაზომვა დაიწყება როცა სპეციალისტები დალუქავენ ჭაბურღილის სახურავზე დამონტაჟებულ სამ სარქველს.
„ბი-პი“-ს იმედი აქვს, რომ საქრველების დალუქვის შედეგად ნავთობის გაჟონვა შეწყდება. როგორც ცნობილია, აქამდე ჭაბურღილიდან მექსიკის ყურეში დღეში 60,000 ბარელი ნავთობი იღვრება.
მაგრამ ფიზიკოსი მიჩიო კაკუ აღნიშნავს, რომ ახალი სარქმელის დამონტაჟებას გარკვეული რისკი მოჰყვება.
„ჭარბი წნევის შედეგად მილსადენი შეიძლება აფეთქდეს და მილსადენის სიგრძის მანძილზე შეიქმენბა გაჟონვის ბევრი ახალი საშიშროება,“ აღნიშნავს მიჩიო კაკუ.
ამასობაში მეთევზეები და მექისიკის ყურის სხვა მაცხოვრებლები, რომლებიც ნავთობის გაჟონვისგან მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი მცდელობის შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესდება.
იმ შემთხვევაში თუ ახალი სარქველი ეფექტური აღმოჩნდა, ეს პრობლემის მხოლოდ დროებითი გადაჭრა იქნება. „ბი-პი“ აგრძელებს ორ ეგრეთწოდებულ დამხმარე ჭაბურღილზე მუშაობას, რომელიც სპეციალისტებს დაზიანებული ჭაბურღილის სამუდამოდ დალუქვის საშუალებას მისცემს.