ბოსტონის ტერაქტის ჩეჩნური კვალი

ამერიკული მედიის ცნობით, პოლიცია 19 წლის ჯოხარ ცარნაევს ეძებს
მასაჩუსეტის შტატის პოლიციის განცხადებით, ბოსტონის გარეუბნებში ტერორიზმში ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება.
ხუთშაბათს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ვიდეოთვალის მიერ გადაღებული ორი ეჭვმიტანილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებსაც ბეისბოლის კეპები ეხურათ. ერთ მათგანს შავი ქუდი ეხურა, მეორეს კი შეტრიალებული თეთრი კეპი.
პოლიციის განცხადებით, თეთრქუდიანი ეჭვმიტანილი შეიარაღებული და ძალზე საშიშია. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
გამოძიების თქმით, ტერორისტებმა მასაჩუსეტის ტექნოლოგიის ინსტიტუტის სტუდქალაქის მორიგე პოლიციელი მოკლეს და გატაცებული მანქანით ვოთერთაუნისკენ გაიქცნენ. უკან დადევნებულ პოლიციას ტერორისტებმა ბომბები ესროლეს და მათ შორის გააფთრებული ორმხრივი სროლა გაიმართა.
ხელისუფლების განცხადებით, შავ კეპიანი ტერორისტი პოლიციამ სასიკდილოდ დაჭრა და ის ბეთ ისრაელის ჰოსპიტალში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
დევიდ შონფელდი ვოთერთაუნის რეზიდენტია, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში ექიმად მუშაობს. ის პოლიციასა და ტერორისტების შეტაკების მოწმე გახდა. მისი თქმით, როდესაც სროლა და აფეთქებების ხმა გაიგო და პოლიციის მანქანებმა სახლის წინ ჩაუქროლეს, მიხვდა რომ ეს ყველაფერი ბოსტონის ტერაქტებთან და მასაჩუსეტის ინსტიტუტში მომხდარ მოვლენებთან იყო დაკავშირებული.
ჰოსპიტალის მომსახურე პერსონალის განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილს რამდენიმე ნატყვიარი და შრაპნელისგან მიყენებული ჭრილობები ეტყობოდა, რაც აფეთქებით იყო გამოწვეული.
მასაჩუსეტის შტატის პოლიციის წარმომადგენლის ტიმოთი ალდენის განცხადებით:“ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ის პირები არიან ვინც ბოსტონის მარათონზე ბომბები ააფეთქეს. მათ მასაჩუსეტის ინსტიტუტში პოლიციელი მოკლეს და შტატის კიდევ ერთი პოლიციის ოფიცერი დაჭრეს. ძალზე სერიოზული სიტუაცია შეიქმნა.“
ორშაბათს, ბოსტონის მარათონზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 170 დაიჭრა. ამ ტერაქტს 8 წლის პატარა ბიჭის სიცოცხლე შეეწირა.