ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკაში (Republika Srpska) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტს აქტიური დისკუსია მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება11 იანვარს ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, სადაც დაადასტურა, რომ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობდა.
“თვითგამოცხადებული და საერთაშორისო დონეზე არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან ვიზიტმა, ბოსერსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკას დიდი ზიანი მიაყენა. ამან რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაცია შელახა და მნიშვნელოვნად დააზიანა მისი სტატუსი საერთაშორისო არენაზე” - განაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ჩრნადაკმა. სამინისტრომ ასევე აღნიშნა რომ ის არ იყო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული და მის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია.
ჩრნადაკის განცხადებით, აღნიშნულმა რესპუბლიკა სრპსკას სტატუსი (ეს უკანასკნელი ბოსნია-ჰერცოგოვინის საერთაშორისოდ აღიარებული სრულუფლებიანი ერთეულია) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის “საეჭვო საერთაშორისო სტატუსს” გაუთანაბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას შორის ურთიერთობებს არ დააზიანებს.
ასევე, ბოსნიის კოლექტიური პრეზიდიუმის წევრმა, მლადენ ივანიჩმა თქვა, რომ ამის შესახებ პრეზიდიუმმა არაფერი იცოდა.
გასულ კვირას ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკის „რესპუბლიკის დღე” აღინიშნა. ბანია-ლუკაში გამართულ სამხედრო აღლუმზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც იყო მიწვეული. ოსი სეპარატისტების „პრეზიდენტთან“ ერთად საპატიო ლოჟაში სერბთა რესპუბლიკისა და სერბეთის პოლიტიკური და საეკლესიო ელიტა იყო წარმოდგენილი. ბოსნია-ჰერცოგოვინის სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილორად დოდიკი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბიბილოვს და რუსეთის ელჩს შეხვდა, რის შემდეგაც მათ რუსი დიპლომატის, ვიტალი ჩურკინის საპატივცემული მონუმენტი აღმართეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. განმარტება ჯერ არ გაუკეთებია ბელგრადს, სადაც ბიბილოვი ბოსნიაში ჩასვლამდე იმყოფებოდა, ეკლესიები მოინახულა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსს, ბაჩსკას ეპარქიის წინამძღოლს ირინეის შეხვდა.
სერბეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ჩასვლამდე, ოსი სეპარატისტების ლიდერი, 4-7 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ დონეცკში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ "დონეცკელ მოხალისეებს სამხედრო რჩევებით ეხმარება და უკრაინა ძალიან მალე ამ ომს წააგებს“.
სერბთა რესპუბლიკაში, რომელიც ბოსნია-ჰერცოგოვინის ორი ნაწილიდან ერთ-ერთი (მეორე ნაწილი ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ფედერაციაა), 1995 წელს, სამწლიანი ომის დასრულებისა და დეიტონის ოთხმხრივი (აშშ, ბოსნია-ჰერცოგოვინა, სერბეთი, ხორვატია) შეთანხმების საფუძველზე გახდა, ბოსნია-ჰერცოგოვინიდან გასვლისა და „მოძმე“ სერბეთთან გაერთიანების იდეას პრეზიდენტი მხარს აქტიურად უჭერს. დოდიკი ანკლავს მერვე წლია მართავს და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე რუსეთის აქტიური მოკავშირეა.