ყოფილ ჯაშუშს სერეგეი სკრიპალს უჭირდა იმის დაჯერება, რომ მისი და მისი ქალიშვილი იულიას მოკვლა რუსეთის მთავრობამ სცადა, აცხადებს სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის ჟურნალისტი ახალ წიგნში, რომელიც ამ კვირას გამოიცა.
მარკ ურბანის წიგნის თანახმად, სკრიპალი დასავლეთის სადაზვერო სამსახურებს ბოლოს 2017 წელს ესაუბრა რუსეთის ოპერაციებზე. თუმცა, წიგნი არ ხსნის იმას, თუ რატომ უნდოდათ სკრიპალის მოკვლა მის ყოფილ კოლეგებს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურიდან.
ურბანის წიგნის სათაურია “სკრიპალის საქმე: რუსი ჯაშუშის ცხოვრება და თითქმის სიკვდილი.” ავტორი, სკრიპალთან ინტერვიუზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ყოფილი ორმაგი აგენტი ბრიტანეთის უშიშროების სამსახურს რუსეთში 1990-ან წლებში მსხვილ კორუფციულ გარიგებებზე ესაუბრა, რომელშიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანია, ხოლო წარსულში ქვეყნის დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, პერსონალურად იყო ჩართული.