აშშ-მ ირანს შესაძლოა დამატებითი სანქციები დაუწესოს

ამერიკის პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა განაცხადა, რომ ირანზე სანქციების ხელახალ დაწესებას “დიდი გავლენა” აქვს. მან ასევე დასძინა, რომ ადმინისტრაცია გეგმავს თეირანის წინააღმდეგ იმაზე მეტი ზომები მიიღოს, ვიდრე ეს 2015 წელს ირანთან ბირთვული შეთანხმების ხელმოწერამდე იყო ძალაში.

ხელშეკრულებამ, რომელიც სამი წლის წინ ირანთან შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა და გერმანიამ დადეს, ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ეკონომიკურ სანქციებს უხსნიდა.

ჯონ ბოლტონმა, რომელიც ისრაელში ვიზიტით იმყოფება, თქვა, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეებს ესაუბრება იმაზე, თუ დამატებით რა ზომების მიღებაა შესაძლებელი ირანზე “მაქსიმალური ზეწოლის” განსახორციელებლად. ამაში, მისი თქმით, დამატებითი სანქციები და სხვა ზომები შედის.

ირანის ბირთვული შეთანხმების კრიტიკოსები, მათ შორისაა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც, ამბობენ, რომ შეთანხმებით ირანმა იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე დათმო და რომ თეირანმა ბირთვული პროგრამის გაგრძელების შესაძლებლობა დაიტოვა.