„ბრწყინვალე“ და „გაბედული“,- ასე აფასებს ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი, უკრაინის რუსეთში შეჭრას. მან განცხადება ცოტა ხნის წინ კიევში ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა, სადაც ის დემოკრატ სენატორ რიჩარდ ბლუმენტალთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„რას ვფიქრობ კურსკის შესახებ? გაბედული, ბრწყინვალე, მშვენიერი [გადაწყვეტილებაა], ასე გააგრძელეთ [უკრაინა]. ეს ვლადიმირ პუტინმა დაიწყო, დაარტყი უკან,“- თქვა კიევში მყოფმა ამერიკელმა სენატორმა და აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზის ასეთი გარღვევა ისტორიულია.
„დღეს არის იმედი, უფრო მეტი იმედი ვიდრე აქ ჩემი ნებისმიერი მოგზაურობის დროს მინახავს. კურსკის მიმართულებით ფრონტზე გარღვევა ისტორიულია. ეს არის სენსაციური, დიდი გარღვევა. კარგი ამბავი, დიდი ამბავი და თან პერსპექტიული. მეტი პოტენციური გარღვევა“, - ამბობს რესპუბლიკელი სენატორი.
დემოკრატი სენატორი ბლუმენტალი კი ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართავს მიაწოდოს უკრაინას ყველა საჭირო იარაღი რუსეთის აგრესიისგან ქვეყნის დასაცავად და მისცეს კიევს უფრო მეტი თავისუფლება, ამერიკული შეიარაღების გამოყენებაში.
„ჩვენ გვსურს გავუზავნოთ ბაიდენის ადმინისტრაციას მესიჯი, რომ მათ უნდა უზრუნველყონ მეტი მოქნილობა და უფლებამოსილება უკრაინისთვის იარაღის გამოყენების კუთხით“, - თქვა დემოკრატმა სენატორმა ბლუმენტალმა.
უკვე ერთი კვირაა, რაც რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ძალები შეიჭრნენ და როგორც ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, უკრაინელი სამხედროები, რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ. პუტინმა მანამდე აღნიშნა, რომ რუსეთის მიწიდან „მტრის განდევნა მოხდება“.
დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვდნენ.
მასალაში გამოყენებულია სააგენტო "როიტერისა" და უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციები.