შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კვირას "ტვიტერზე" ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. ვიდეოში რამდენიმე მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ციტატაა მოყვანილი. "აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა" - აცხადებს ზალკალიანი.
"ჩვენი ხმა დღითი-დღე იზრდება. ჩვენ რუსეთის მთავრობას დეესკალაციისკენ და დიპლომატიის გზის არჩევისკენ მოვუწოდებთ. მე იმ ლიდერების გვერდში ვარ, ვინც უკრაინასთან ერთად დგას" - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ვიდეოს შესავალ ნაწილში.
ვიდეოკოლაჟში გაერთიანებულია თავად ბლინკენის და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ციტატები. მასში ასევე რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის, თუ საგარეო უწყების ხელმძღვანელის, უკრაინას მიმართ სოლიდარობის გამომხატველი გამონათქვამებია მოყვანილი. ესენია: ლატვია, ესტონეთი, კანადა, საქართველო, გერმანია, რუმინეთი, ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა.