ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ მოსკოვიდან მომავალი საფრთხის წინაშე ბაიდენის ადმინისტრაცია უკან არ დაიხევს.
„სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის მყარი პოზიცია, რომ დაიცავს ამერიკის მოქალაქეებს და მტკიცედ იმოქმედებს შეერთებული შტატების ინტერესების დასაცავად, რუსეთის იმ ქმედებების პასუხად რომლებიც ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს ვნებს“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.
ასევე ნახეთ: აშშ-ის მთავრობა მილსადენზე თავდასხმაზე რეაგირების პირობას დებსსატელეფონო საუბარი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე შედგა. ორ ქვეყანას შორის უთანხმოების საკითხებს შორის უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარის მობილიზაცია და ამერიკულ საწვავის მილსადენზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმის ავტორების მოსკოვთან, სავარაუდო, კავშირებია.
ბლინკენი და ლავროვი ერთმანეთს პირველად რეიკიავიკში არქტიკის სამიტზე შეხვდებიან. სახელწიფო დეპარტამენტმა ეს დაადასტურა. შეხვედრა 20 მაისს შედგება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, განიხილავენ თუ არა ისინი პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრის დეტალებს. ამ წინადადებით თეთრი სახლი ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ბაიდენმა პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ამ დრომდე უცნობია როდის ან სად გაიმართება ეს სამიტი.