შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მილოცვაში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის მტკიცე მხარდაჭრას გაუსვა ხაზი. მილოცვის ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს ვუსურვებ.
ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავსქართველ ხალხს ღრმად აქვს გააზრებული დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასეულობები. რუსეთის მხრიდან საქართველოს 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვაში მტკიცე მიზანდასახულება აჩვენა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენს შორის ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის მანძილზე, შეერთებული შტატები ამაყად უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიული განვითარების დაწინაურებას, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციას და აყვავებული მომავლის მშენებლობას. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მხარდამხარ მუშაობდნენ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების საქმეშიც.
ამ დღესასწაულზე, რომელსაც ქართველები ყველგან აღნიშნავენ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოსთან პარტნიორობაში შეერთებული შტატების განგრძობით ერთგულებას, მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე".