აშშ-ს და ევროკავშირს განზრახული აქვთ ერთობლივად უპასუხონ რუსეთის მოწმედებას, მათ შორის აგრესიას უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ და ერთად აწარმოონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.
„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვეს, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მომავალში კოორდინირებულად იმოქმედონ რუსეთის გამომწვევ ქმედებეზე, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ასევე დეზინფორმაციასა და საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე, კიბერსაქმიანობასა და სამხედრო ძალის დემონსტრირებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ვიზიტით ევროპაში იმყოფება. ის უკვე დაესწრო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს ბორელს შეხვდა.