შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფ კიევს ამერიკის "ურყევი მხარდაჭერა" აქვს. სახელმწიფო მდივანი დღეს ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდა.
"სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის გამიზნული ქმედებების გამო, რომლებიც უკრაინასთან დაძაბულობის ესკალაციას ემსახურება და რომელიც გამოიხატება აგრესიული რიტორიკით, დეზინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მზარდი დარღვევით და ოკუპირებულ ყირიმში თუ უკრაინის საზღვრებთან ჯარების გადაადგილებით" - ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ბლინკენი ბრიუსელში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ესწრება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ჟურნალისტებს უთხრა: “შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს”. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ისინი იმსჯელებენ კიევის ამბიციაზე, რომ ერთ დღეს უკრაინა ნატოს წევრი გახდეს.
ასევე ნახეთ: რიკერი: შეშფოთებული ვართ რუსეთის ქმედებებით და უკრაინაში სიტუაციის ესკალაციითერთი დღით ადრე, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა ფილიპ რიკერმა, ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა. მისი თქმით, ნათელია, რომ უკარინაში სამხედრო მდგომარეობის გამწვავება რუსეთის ბრალია.
„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ რუსეთის ქმედებებით და უკრაინაში სიტუაციის ესკალაციით. არსებობს ძალიან სანდო და ნათელი ანგარიშები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარები ყირიმის ტერიტორიაზე და უკრაინის საზღვართან გადაადგილებიან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ ქმედებას, რუსული პროვოკაციების ფონზე.
რუსეთს დეზინფორმაციის აშკარა კამპანია ჰქონდა წამოწყებული, რათა უკრაინისთვის დაებრალებინა ის, რაც თავად კრემლის ქმედება იყო“, - განაცხადა რიკერმა. მისი განცხადების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები სიტუაციას ახლოდან აკვირდება და კოორდინაცია აქვს უკრაინის მთავრობასთან და მოკავშირეებთან.
ასევე ნახეთ: რუსეთი აშშ-ს მოწინააღმდეგეს უწოდებს და აფრთხილებს