ტესლას დამფუძნებელს ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებენ ბაზარზე გავლენის გამო. საუბარია მის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ქმედებებზე, რაც კრიპტოვალუტის კურსზე დიდ გავლენას ახდენს. ახლა ბიტკოინის ფასმა $40 000-ს გადააჭარბა - ეს მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ "ტესლამ" მისი გამოყენება შესაძლოა განაახლოს.
რამდენიმე თვის წინ, მასკის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ კრიპტოვალუტის მიმართ ნდობა საგრძნობლად გაზარდა. მაშინ ილონ მასკმა დააანონსა, რომ ტესლას ავტომობილის შეძენა ბიტკოინის საშუალებითაც იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, ბიტკოინში თავად 1.5 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციაც განახორციელა.
ასევე ნახეთ: რეკორდული ღირებულებიდან რეკორდულ ვარდნამდე - ბიტკოინი და ილონ მასკიმაშინ გავლენიანი მილიარდერის ინვესტიციას სხვებიც შეუერთდნენ, რის გამოც ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაჩვენებლებს მიაღწია. თუმცა, 2 თვის თავზე ბიტკოინის ღირებულება მკვეთრად დაეცა. მიზეზი კვლავ ილონ მასკის განცხადება იყო, რომლის მიხედვითაც, ტესლა ბიტკოინებით ვაჭრობაზე უარს ამბობდა. მაშინ მასკმა გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის გამომუშავების მეთოდით და ამით კლიმატზე გავლენით ახსნა.
13 ივნისს, "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში, ილონ მასკი წერს, რომ "ტესლა" იმ შემთხვევაში განაგრძობს ბიტკოინის მიღებას, თუ მისი წარმოების 50% განახლებად ენერგიაზე გადავა. მასკმა ასევე თქვა, რომ კომპანიის რეზერვში არსებული 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინიდან მხოლოდ 10% გაყიდეს, რაც გასული კვარტალის ანგარიშშიც იყო მითითებული.