ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოაცხადა, მას შემდეგ რაც გასულ კვირას ათასობით ადამიანი ბიშკეკის ქუჩებში გამოვიდა საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.
საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ჟეენბეკოვის მთავრობა და პარლამენტის თავმჯდომარე გადადგნენ. თავდაპირველად მან საგანგებო მგდომარეობა პარასკევს გამოაცხადა, თუმცა დღეს განაახლა და ის 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ჟეენბეკოვის თქმით, ამ ნაბიჯის მიზანი ქვეყანაში წესრიგის აღდგენაა.
ყირგიზეთში, მისი მეზობლებისგან განსხვავებით, დემოკრატიის კუთხით შედარებით უკეთესი სიტუაციაა, თუმცა ქვეყანა სიღარიბეში, კორუფციაში და კლანურ დაპირისპირებებშია ჩაძირული.
საგანგებო მგდომარეობის გამოცხადებასთან ერთად, ადამიანის უფლებების სადამკვირვებო არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰიუმან რაითს ვოჩმა“, მთავრობას მოუწოდა, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები.
ასევე ნახეთ: ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ყირგიზეთში არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადეს„ყირგიზეთის მთავრობას აქვს ვალდებულება დაიცვას მოქალაქეები კრიზისის დროს. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი დაწესებული ზომები მიზანთან შესაბამისობაში პროპორციულია“, - განაცხადა ორგანიზაციამ.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვა.
„კრიტიკულია, რომ ყირგიზეთის მთავრობამ დემოკრატიული სტრუქტურა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაიცვას, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის უფლება, მედიის თავისუფლება და ჟურნალისტთა უფლებები“, - განაცხადა ორგანიზაციამ.
საპროტესტო გამოსვლები 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელმაც მოსყიდვის და გაყალბების ბრალდებებით ჩაიარა. არჩევნების შედეგად, პარლამენტში შესვლა მხოლოდ მთავრობასთან დაახლოებულმა პარტიებმა მოახერხეს.
საპროტესტო გამოსვლების და არეულობის ფონზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები გააუქმა, რასაც პოლიტიკურ პარტიებს შორის პოზიციებისთვის ბრძოლა და საკუთარი მხარდამჭერების ქუჩაში მობილიზება მოჰყვა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გადადგება და რომ თანამდებობაზე მხოლოდ წესრიგის აღდგენამდე დარჩება. თუმცა, რთული სათქმელია, შეასრულებს თუ არა ის სიტყვას. ხელახალი არჩევნები ნოემბერში ჩატარდება.
გასულ კვირას, დემონსტრანტები სამთავრობო შენობებსა და ციხეებში შეიჭრნენ, მათ ადამიანის გატაცებაში ბრალდებული, პოლიტიკური ლიდერი სადირ ჯაფაროვი გაათავისუფლეს და პარლამენტმა ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა. ჯაფაროვი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ის 2017 წელს დააკავეს და ბრალად რეგიონის გუბერნატორის გატაცება ედებოდა. ჯაფაროვს ყირგიზეთის მთავრობაში მაღალი თანამდებობები ეკავა და ყოფილი პრეზიდენტის კურმანბეკ ბაკიევის მრჩეველი იყო, რომელიც 2010 წელს ჩამოაგდეს.
თუმცა, გარდა ჯაფაროვისა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, განხილვების და დაპირისპირების შემდეგ, კიდევ ერთი კანდიდატი წარადგინეს, ომურბეკ ბაბანოვი, რომელიც ამჟამინდელი პრეზიდენტის ოპონენტი იყო 2017 წლის არჩევნებში. მოგვიანებით ქუჩაში, ჯაფაროვისა და ოპოზიციის წარდგენილი ომურბეკ ბაბანოვის მხარდამჭერები, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ჯაფაროვი ნაციონალისტია და მისი მხარდაჭერის ცენტრი რეგიონებია, მაშინ როცა ბაბანოვის მომხრეები უფრო ურბანულ ცენტრების მცხოვრებლები და ახალგაზრდები არიან.
დემონსტრანტებმა ასევე გაათავისუფლეს ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, რომელიც ივნისში დააკავეს. ჯაფაროვი სწორედ მისი ხელისუფლებაში ყოფნისას იქნა დაკავებული. თუმცა ატამბაევი სამართალდამცავებმა მალევე დააბრუნეს ციხეში, ამბოხის ორგანიზების ბრალდებით. ატამბაევმა რომელიც ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჟეენბეკოვის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა, განაცხადა, რომ ციხეში დაბრუნებამდე, მის მოკვლას შეეცადენ.
ატამბაევის დაკავებიდან რამდენიმე საათში, ჟეენბეკოვის მოკავშირეები პარლამენტში შეიკრიბნენ და საგანგებო სესიაზე ბიშკეკთან ახლოს მდებარე რეზიდენციაში ხმა მისცეს ჯაფაროვის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე. აღნიშნული ნაბიჯი ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა არალეგიტიმურად მიიჩნიეს, გამომდინარე იქიდან, რომ სესიას მხოლოდ 50 დეპუტატი ესწრებოდა, როცა ამ გადაწყვეტილების მისაღებად 61 დეპუტატის ხმაა საჭირო, 120-მანდატიან პარლამენტში.
თუ საპროტესტო ტალღა, ჟეენბეკოვის გადადგომით დასრულდება, ეს მესამე შემთხვევა იქნება ბოლო 15 წლის განმავლობაში, როცა საზოგადოებრივმა პროტესტმა ყირგიზეთის პრეზიდენტი ხელისუფლებიდან გაუშვა. ამასთან, მსგავსს შემთხვევაში ჯაფაროვი შეიძლება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდეს, რადგან პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში და პარლამენტის სპიკერის სავარძელის ვაკანტურობის პირობებში, პრეზიდენტის მოვალეობა პრემიერ-მინისტრს ეკისრება.
ყირგიზეთი 6.5 მილიონიანი ქვეყანაა, რომელმაც დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირიდან 1991 წელს მოიპოვა. ქვეყნის პოლიტიკას წლების განმავლობაში, ახასიათებს დაპირისპირებული ელიტების, ბიზნეს ინტერესების, კორუფციის სკანდალები და წინა მთავრობის ახალი მთავრობის წარმომადგენლების მიერ დევნის შემთხვევები.